ნანუაშვილი სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, რომ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილოს მუზეუმში არსებული ოსური სახლის რესტავრაციისა და მათში მუდმივმოქმედი გამოფენის მოწყობის დეტალური ხარჯები და უზრუნველყოს მისი რესტავრაცია.
ოსური სახლი, რომელიც ძმებ კოსტაევებს ეკუთვნოდათ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ორიგინალი ნიმუშია და ჩამოტანილია ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელს. 1990-იან წლებში ვერ მოხერხდა სახლზე სათანადო ყურადღების მიქცევა და გარემო პირობების გამო იგი დაზიანდა.
“ოსური სახლის აღდგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ ეროვნული უმცირესობების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში და ხელს შეუწყობს საქართველოში ოსური ეთნოკულტურის პოპულარიზაციას, ოსური თემის კულტურული უფლებებისა და მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას” – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.