ახალი ამბები

შსს-მ ნაცვლიშვილის მიერ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე მოკვლევა დაიწყო

19 ნოემბერი, 2018 • 1482
შსს-მ ნაცვლიშვილის მიერ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე მოკვლევა დაიწყო

“რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

‘შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კადრები, რომლებიც P.S.-მა მოიპოვა, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით არის გადაღებული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად POST TV-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ  მდგომარეობაში მართავს მანქანას. “კურიერის” ინფორმაციით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე  არის გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სახიფათოდ მოძრავი მანქანა პირველად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა, შავ მერსედესს დადევნებოდა.

P.S.-ის წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი და არც კი ეფიქრა მის ხელმეორედ გაჩერებაზე ან, მით უმეტეს, დაჯარიმებაზე.

“კურიერში” გასულ სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა.

“ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა”, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი