ახალი ამბები

ტყიბულელ მეშახტეებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ავალდებულებენ — რუსთავი2

17 ნოემბერი, 2018 • 1609
ტყიბულელ მეშახტეებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ავალდებულებენ — რუსთავი2

ტელეკომპანია რუსთავი2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი თქმით, ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის დირექტორი დასაქმებულებს მოუწოდებს, არჩევნებზე ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

რუსთავი2-ის თანახმად, კომპანია “საქნახშირის” გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 13 ნოემბრის დილის 6 საათზე შეხვდა ტყიბულელ მეშახტეებს და მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა.

ტელეკომპანიამ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, როგორც ისინი ამბობენ, მეშახტეებს მიმართავს ჯამბულ ჯაყელი.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კაცის ხმა ამბობს:

“ჩვენი გაგრძელება ძალიან არის დამოკიდებული მთავრობაზე. თქვენ იცით, რომ ამ ავარიის გამო ერთი უბანი დავხურეთ, გამოვიდა სამი უბანი. ამდენი ხალხის შენახვასაც ვერ შევძლებთ, თუ არ იქნება დახმრება. ხელფასებზეც კი არ გვეყოფა ეს თანხა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სულ გვექნება მთავრობისთვის მოსათხოვი. პლუს, გვეუბნებიან და უკვე მოგვეხმარნენ, ბუღალტერიის გოგოებმა იციან, როგორ მოგვეხმარნენ და რანაირად. ძალიან გვერდში დაგვიდგნენ, მე არც მეგონა ასე თუ გამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, თხოვნაა, რომ ჩვენც გვერდში დავუდგეთ, ავირჩიოთ ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით გამოვხატოთ ჩვენი მათდამი … ნდობა”.

აუდიოჩანაწერის სხვა ეპიზოდში იგივე ხმა ამბობს:

“ასევე მინდა გთხოვოთ თქვენი ოჯახის წევრებზეც. რომელიმე თქვენგანის შვილი, ოჯახის წევრი თუა გასული ქალაქის მიმართულებით, ან ქუთაისის მიმართულებით, შეგვიძლია გავაგზავნოთ, მოვიყვანოთ, წავიყვანოთ”.

“მე გეუბნებით, დაგვიტოვეთ ხელმძღვანელობას მისასვლელი იმ ხალხთან, რა. უფრო ადვილად მივალ. წარმოიდგინე, სახელისუფლებო კანდიდატმა წააგო, და მიდიხარ სათხოვნელად. რომ მოიგოს, როგორ მიხვალ, უფრო კარგად ხომ მიხვალ, არა? მისასვლელიც გექნება. გამიგეთ, რა, რა გჭირთ. იმენა შახტას სჭირდება ეს თემა, იმიტომ, რომ ტყიბული ჩვენზეა დამოკიდებული”.


მოგვიანებით, როდესაც რუსთავი2-ის ჟურნალისტი ჯაყელს ეკითხება ამ შეხვედრის შესახებ, იგი უარყოფს, რომ მეშახტეებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ავალდებულებდა.

“მე არ მითქვია ეგ, ეხლა შენ იგონებ რაღაცას”, – ეუბნება იგი ჟურნალისტს. მოგვიანებით კი ამბობს: “არავისთვის არ დაგვიძალებია ჩვენ… კი, შევკრიბე [მეშახტეები, მაგრამ] … სალომე ზურაბიშვილი [არ მიხსენებია], სწორი არჩევანი გააკეთონ, ეს შეთავაზება იყო”.

რუსთავი2-ის კითხვაზე, რას ნიშნავს სწორი არჩევანი, ის პასუხობს: “სწორი არჩევანი, კარგად დაფიქრდნენ, რომელი არჩევანი წაადგება შახტის დღევანდელ მდგომარეობას. არავის არაფერი მოუთხოვია ჩვენთვის… არავინ არ დაგვივალდებულებია. ჩვენ რა რეჟიმში ვართ ვუყურებთ… აქედან გამომდინარე, მოვუწოდე, რომ შეენარჩუნებინათ სიწყნარე და გაეკეთებინათ სწორი არჩევანი”.

კომპანია “საქნახშირის” მფლობელია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (GIG). GIG ფლობს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას”, რომლის დირექტორიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე იყო.

ტყიბულის ოლქში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან. ზურაბიშვილს ხმების 36% ჰქონდა, ვაშაძეს — 47%.

მასალების გადაბეჭდვის წესი