ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელს, რომელმაც აქტივისტს ნაგავი დაამხო, მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს

16 ნოემბერი, 2018 • 1725
გორის მერიის თანამშრომელს, რომელმაც აქტივისტს ნაგავი დაამხო, მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს

გორის მერიის მაღალჩინოსანს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს  გორის მერიასთან საპროტესტო აქციზე თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო, მერიამ მხოლოდ საყვედური გამოუცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ Trialeti.ge-ს გორის მერმა დაუდასტურა.

როგორც კოტე თავზარაშვილი “თრიალეთთან” ამბობს, ეს გადაწყვეტილება იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს:

“ჩვენმა იურისტებმა შეისწავლეს ეს საკითხი და რეკომენდაცია მოგვცეს, საყვედური გამოგვეცხადებინა. გამოვუტანეთ ჩვენც საყვედური”, – ამბობს თავზარაშვილი.

გორის მერიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს თავად აქტივისტი. გიგა მაქარაშვილი თემურ მანველაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

შემთხვევა გორის მერიასთან 10 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მაქარაშვილმა და სხვა აქტივისტებმა ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად გორის მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს. გიგა მაქარაშვილის თქმით, ამ ფორმით განცხადება გააპროტესტეს, სადაც მერმა საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში.  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც გიგია მაქარაშვილს ნაგავი დააყარა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილია.

გამოძიება შსს-მ 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი