საქართველოში ქალები კონკრეტულ პრობლემას არ აწყდებიან – მოსახლეობის 1/3

მოსახლეობის 1/3 მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები რაიმე კონკრეტულ პრობლემას არ აწყდებიან – ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც მოამზადა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC-საქართველო) ევროპის საბჭოს დაკვეთითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34% მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები რაიმე კონკრეტულ პრობლემას არ აწყდებიან, ხოლო 12-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის, ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას ქალებისთვის.

მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც კითხვაზე პასუხად კონკრეტული პრობლემა დაასახელა, ყველაზე ხშირად მიუთითა ოჯახში ძალადობა (34%). ასევე ხშირად დასახელდა სექსუალური შევიწროება (18%) და დამსაქმებლის პრიორიტეტები ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში (11%).

კვლევის ავტორების განცხადებით, ქალებისა და მამაკაცების მოსაზრება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოში ქალები აწყდებიან, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

კერძოდ, მამაკაცების 41% აცხადებს, რომ ქალები პრობლემებს არ აწყდებიან. ამ მოსაზრებას გაცილებით ნაკლები ქალი (28%) ეთანხმება. ქალები ყველაზე ხშირად ყურადღებას ამახვილებენ ოჯახში ძალადობასა (40%) და სექსუალურ შევიწროებაზე (23%).


“CRRC-საქართველომ” კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩააატრა. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.

რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, “CRRC-საქართველომ “ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2 205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი – 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული.

კვლევა,  წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.