ფოტო: თბილისის მერია

ფონიჭალაში ნგრევით დაზარალებულები დროებით ფართებში დღესვე დაბინავდებიან – მერია

ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ადგილზე მყოფი მერის მოადგილის თქმით, პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები დასრულებულია.

„მინდა გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა. უკვე დასრულდა პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები.

…28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – აღნიშნა მან. კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 15 ნოემბერს, დილით მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან