“ედისონი მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რ2-ის მიერ დღეს გასაჯაროებულ Edison Research-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი სალომე ზურაბიშვილისას აღემატება.
“ჩვენ ვნახეთ ედისონ რისერჩის კვლევები პირველ ტურში, რომელიც მთლიანად ასცდა არჩევნების შედეგებს. ედისონის შედგები ორივეჯერ ასცდა შედეგებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ედისონ რისერჩის კვლევები რ2-მა პირველი ტურის წინ ორჯერ გამოაქვეყნა. 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევით, ორგანიზაციის თანახმად, გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი 22% იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილის- 15%.
რ2-მა იგივე ორგანიზაციის კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 25 ოქტომბერსაც გამოაქვეყნ: ვაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%.
რ2-მა და ედისონ რისერჩმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლიც გამოაქვეყნეს, რომლის შედეგებიც ასე განაწილდა:
- სალომე ზურაბიშვილი – 40%;
- გრიგოლ ვაშაძე – 40%;
- დავით ბაქრაძე – 10%;
- ზურაბ ჯაფარიძე – 2%;
- დავით უსუფაშვილი – 2%;
- შალვა ნათელაშვილი – 3%;
ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით არჩევნები ასეთი შედეგებით დასრულდა:
- სალომე ზურაბიშვილი – 38%
- გრიგოლ ვაშაძე – 37%
- დავით ბაქრაძე – 10.97%
- ზურაბ ჯაფარიძე – 2.26%
- შალვა ნათელაშვილი – 3.74%
- დავით უსუფაშვილი – 2.26%
რაც შეეხება “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებულ კვლევას. გამოკითხვა ზურაბ ბიგვავას ორგანიზაცია “ფსიქოპროექტმა” მოამზადა. მმართველი გუნდი ალოკაციის მეთოდის გამოყენებით იუწყებოდა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა 53%-ით. ამ ორგანიზაციამ არჩევნების ეგზიტპოლიც ჩაატარა და იქაც სალომე ზურაბიშვილის პირველვე ტურში გაპრეზიდენტება ივარაუდა (52%), თუმცა ცესკოს შედეგებით მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.