ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი საბჭოთა კარიერით ამაყობს

13 ნოემბერი, 2018 • 3097
რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი საბჭოთა კარიერით ამაყობს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინა კამპანიის, რომელიც მეტწილად ურთიერთბრალდებებს ეფუძნება, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის პოლიტიკის მიმართ კანდიდატების დამოკიდებულება და საბჭოთა წარსული.

აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გასულ კვირას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეპლიკა გახდა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუს დროს, როცა მან თქვა, რომ საბჭოთა დიპლომატიაში თავისი სამსახურით ამაყობს.

მე ამ საკითხზე პრობლემა არ მაქვს, რადგან ადამიანი, რომელიც თბილისში დაიბადა 1958 წელს, სხვანაირად ვერ იქნებოდა. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ვამაყობ ამით. მე მივიღე მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელთაც გახადეს ჩვენი ცხოვრება მეტად უსაფრთხო. ეს არის ქიმიური იარაღის აკრძალვა, ბირთვული ცდების აკრძალვა… ფანტასტიური სკოლა გავიარე”, – განაცხადა მან ჟანა ნემცოვასთან ინტერვიუს დროს.

გრიგოლ ვაშაძეს არც უწინ დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში მისი კარიერა საბჭოთა სისტემასთან იყო გადაჯაჭვული. თუმცა ამჟამად მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ვაშაძე აღნიშნულით ამაყობს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი განმარტავს, ეს მხოლოდ საბჭოთა დიპლომატიაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება.

მაინც რას ნიშნავს, როცა საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი საბჭოთა სისტემაში საკუთარი კარიერით ამაყობს?

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძის ამგვარი გზავნილები ერთგვარი გზაა კითხვების თავიდან ასარიდებლად და შესაძლო პრობლემის გამოსარიცხად. თუმცა, მისი აზრით, პრობლემურია, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი არ ცდილობს, სიამაყის გარდა დასვას კითხვები საკუთარი წარსულის მიმართაც.

როდესაც თვითონ ხარ და მუშაობ იმ საგარეო უწყებაში და ამბობ, რომ ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობ, რომლითაც ადამიანების სიცოცხლე გადარჩა, პარალელურად, იგივე სახელმწიფო, თავის საგარეო პოლიტიკით, ჩაბმული იყო ცივ ომში, რომელიც საკმაოდ მძიმედ აისახა მესამე სამყაროს ქვეყნებზე…

თუკი ხარ ამ სტრუქტურის, სახელმწიფოს ნაწილი, ყოველთვის შეგიძლია იმსჯელო რაღაც დადებითზე, თუმცა ასევე უნდა გქონდეს იმის შეგრძნებაც და გამბედაობაც, თქვა, რომ კი, მე ასევე ვატარებ პასუხისმგებლობას იმ პერიოდის ნეგატიურ მოვლენებზე. თუ გეამაყება, შეიძლება, რაღაც კითხვები გქონდეს საკუთარი წარსულის მიმართ”, – აცხადებს ის.

გრიგოლ ვაშაძის ზემოხსენებულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში კრიტიკული მოსაზრებით გამოეხმაურა თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:

წარმოუდგენელია ამბობდე, – ამაყობ, საბჭოთა დიპლომატი რომ იყავი, თუნდაც იმ კუთხით, რომ თავის დროზე განიარაღების მოლაპრაკებებში მონაწილეობდი. უბრალოდ, არ შეიძლება ამაყობდე, რომ კომუნისტური, ტერორისტული იმპერიის, ბოროტების იმპერიის სამსახურში იდექი ოდესმე, – ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერი ფორმით. ეს თუ არ გესმის, ესე იგი არ გესმის ფუნდამენეტური საკითხები – არც ადამიანის ფასი, არც სამშობლო, არც სიკეთე, არც ბოროტება. განა შეიძლება ამაყობდე იმ ძალის სამსახურში ყოფნით, რომელმაც გაანადგურა საქართველო და მოკლა მილიონობით ადამიანი? შევარდნაძესაც კი არ უკადრია ასეთი რამის თქმა. რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს არჩვენებში ოპოზიციის გამარჯვება და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება, არ არის ეს გასატარებელი ნათქვამი”

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, პრობლემა არის არა ვაშაძის მიერ “გამორჩეულ დიპლომატიურ სკოლაში მიღებული გამოცდილებით სიამაყე”, არამედ მისი ნაკლებად მოზომილი განცხადებები:

მე ვარ დიპლომატიის ისტორიის სპეციალისტი და უფრო აქედან ვუყურებ. ამ კუთხით გამოსარჩევია საბჭოთა დიპლომატიის სკოლა, სადაც მიღებული გამოცდილება თუ განვლილი კარიერა საკმაოდ დიდი წვრთნაა ნებისმიერი დიპლომატისთვის.

ის გულისხმობს იმას, რომ იქ სერიოზული გამოცდილება მიიღო და ამით ამაყობს. აბა, გამოცდილება სად უნდა მიეღო ქართველ დიპლომატს, თუ არა საბჭოთა დიპლომატიის სკოლაში?

ვაშაძეს ახასიათებს ასეთი გამონათქვამები. ის ჯერ კიდევ ყალიბდება პოლიტიკოსად და ზოგჯერ ვერ ხვდება, მის ნათქვამს რა ინტერპრეტაცია შეიძლება მოჰყვეს. მის პრობლემას უფრო ამაში ვხედავ”, – უთხრა შარაშენიძემ “ნეტგაზეთს”.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1980-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა. ის 1981-88 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში საქმიანობდა, შემდგომ კი, კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით.

მისი თანამებრძოლი და შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს გამოცდილება ვაშაძემ ისევ საქართველოს კეთილდღეობას მოახმარა, იმ პერიოდში კი შეუძლებელი იყო საკუთარი პროფესიით ემუშავა სადმე, გარდა საბჭოთა სისტემისა.

ვფიქრობ, ძალიან სწორი და ღირსეული პოზიცია აქვს. გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი პლუსი სწორედ ისაა, რომ არასდროს არაფერს მალავს. ვფიქრობ, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში დაადასტურა, რომ შეუძლია, საქართველოსთვის ბევრი სწორი საქმე გააკეთოს, მათ შორის, არაღიარების კუთხით”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

კითხვაზე, აყენებს თუ არა ჩრდილს საპრეზიდენტო კანდიდატს არა წარსული საქმიანობა საბჭოეთში, არამედ იმ პერიოდში მიღებული დიპლომატიური გამოცდილებით გამოწვეული სიამაყე,  ვაშაძე აღნიშნავს, რომ არაფერია ცუდი, როცა კანდიდატი გამოცდილებით ამაყობს, შედარებისთვის კი “ქართული ოცნების” მთავრობის წევრთა წარსულს იხსენებს:

სიამაყეს ის ახსენებს კონკრეტულ პოზიციაზე და არა დიპლომთან დაკავშირებით, ხომ? ის, რომ ბევრი სწავლება აქვს მიღებული, ეს მისი ენების ცოდნიდანაც ჩანს. თუმცა სხვაობაა, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მიდიხარ რუსეთში სასწავლებლად და არა საბჭოთა კავშირის დროს.

დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში წავიდა და მოსკოვში, ლომონოსოვში სწავლობდა. იგივეა შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელიც 1994 წლიდან სწავლობდა რუსეთის ფედერაციაში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე”.

წინასაარჩევნოდ, მეორე ტურში გადასული ორივე კანდიდატის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა თუ მის გარეთ აქტიური სააგიტაციო პროცესი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს ხშირად აკრიტიკებენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციების გამო.

ვაშაძის შემთხვევაში, გზავნილები ძირითადად ეფუძნება მის წარსულ საქმიანობას. საბჭოთა კარიერის გამო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი რუსეთთან გააიგივა მისმა მთავარმა კონკურენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

“SOVLAB’-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ საკითხი წინასაარჩევნოდ იმდენად პოლიტიზებულია, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი, თუნდაც ნეიტრალური შეფასების გახმიანებაც კი უხერხულობას ქმნის. მკვლევარი მიიჩნევს, რომ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება საბჭოთა წარსულისა თუ მოქმედი პირების საქმიანობის გადაფასებისათვის მნიშვნელოვნად თავს არ იწუხებს და საკითხი ხშირად მაშინ ხდება აქტუალური, როცა ის პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად შეიძლება გამოდგეს.

პარანოიულ-არაჯანსაღი სიტუაციაა და ამ ფონზე ლუსტრაციის პრობლემის გახსენება ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ გამოდის იმ ჩარჩოდან, რომელშიც ზის 1991 წლიდან დღემდე: ეს არის პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ელიტას ეს ახსენდება მაშინ, როცა სჭირდება, იარლიყები მიაკეროს მოწინააღმდეგეს. როცა ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ სრულფასოვნად და სისტემურად მოეკიდოს ამ საკითხს, ეს ყველას ავიწყდება, რადგან განწყობა და მზაობა ამისათვის არ არის”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კონკურენტმა 1%-ზე ნაკლებით აჯობა. ვაშაძემ ხმათა 37.74% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 38.64%.

მეორე ტურის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა დადგენილი ვადებით, ის მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი