ახალი ამბები

Wizz Air მილანის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში მგზავრებს ადანაშაულებს

13 ნოემბერი, 2018 • 3985
Wizz Air მილანის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში მგზავრებს ადანაშაულებს

ავიაკომპანია Wizz Air მილანის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში, რომლის გამოც 30-მდე მგზავრი მილანი-ქუთაისის რეისზე თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს – მგზავრებს ადანაშაულებს.

ავიაკომპანიის განცხადებით, ზოგიერით მგზავრი გამგზავრებისას აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ნაწილმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის პროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში:

“აქედან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე. Wizz Air ყველა მგზავრს სთხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი, მინიმუმ 40 წუთით ადრე.

ავიაკომპანიამ სულ ახლახან დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანი პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ავიახომალდის ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია ასევე უარყოფს მგზავრების ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ინციდენტის მიზეზი რეისზე იმაზე მეტი ბილეთის გაყიდვა იყო, ვიდრე ბორტზე არსებული ადგილები.

მასალების გადაბეჭდვის წესი