ირაკლი, 2013 წლის 17 მაისიდან ერთი წელი გავიდა. როგორია თქვენი შეფასება, რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში?
შეიცვალა ის, რომ საპატრიარქო ფინანსურად განუზომლად გამდიდრდა, ხოლო მორალურად კიდევ უფრო გაკოტრდა. კიდევ, ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა და ის კიდევ უფრო მლიქვნელური გახდა ეკლესიის მიმართ. ასევე, შეიცვალა ის, რომ ძალადობა ნორმად იქცა. მაგალითად, ნორმალური გახდა ფიზიკური ძალადობა ლგბტ ადამიანთა მიმართ.
რუსთაველზე სასულიერო პირების ყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ საზოგადოებამ ტოტალიტარიზმის სასარგებლოდ გამოხატვის უფლება დათმო?
დიახ, მართლაც ასე მოხდა, მაგრამ საზოგადოებამ კი არ დათმო გამოხატვის უფლება, არამედ ხელისუფლებამ გახადა ეს შესაძლებელი. ჩვენ იმიტომ კი არ ვთქვით გამოხატვის უფლებაზე უარი, რომ ამ უფლებით სარგებლობა არ ვისურვეთ, ან კანონმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება გვყავს სრულებით უუნარო. ის კრიმინალს წინააღმდეგობას ვერ უწევს. ადამიანთა ჯგუფს რომ გამოეკიდები (2013 წლის 17 მაისს) და დაარბევ, განა ეს კრიმინალი არ არის?
ანუ საზოგადოება კრიმინალს გაერიდა?
ასეა.
პატრიარქმა `არა ჰომოფობიას~ დაუპირისპირა `ოჯახის დღე~. როგორ ფიქრობთ, მოახერხა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის გადაფარვა?
ეს შეუძლებელია. ხელოვნური დღესასწაულის მოგონებით სოციალური ველიდან ადამიანთა ჯგუფს როგორ გააქრობ? ამ ადამიანმა ეკლესია კომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან იმის მაგივრად, რომ სიყვარული ექადაგა, ერთი სოციალური ჯგუფის ხელოვნურად `ჩაჩოჩებას~ შეეცადა. არავინ იცის, ხვალ რომელ ჯგუფს ამოიჩემებს ეს ორგანიზაცია. საქართველოში უხვად გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ მტრობენ ხან ეთნიკურად არაქართველ ადამიანებს, ხანაც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობას.
არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე…
ბოლო წლებში ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ საქართველოში ამაღლდა სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება. დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ საზოგადოების როლს, შეინარჩუნა პრინციპულობა თუ ვერა?
ობიექტურად, შემდეგი რამ ვიცი დანამდვილებით: განათლების დონე ძალიან დაცემულია საქართველოში. სკოლის მოსწავლეები მათთვის სავალდებულოდ დაწესებულ მინიმალურ უნარებს ვერ ფლობენ, მასწავლებელთა დიდმა ჯგუფმა კი საერთოდ ვერ ჩააბარა გამოცდები. ასეთ ფონზე, რამდენიმე ათეული სამოქალაქო აქტივისტი, რა თქმა უნდა, გაზაფხულს ვერ მოიყვანს. სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია ქვეყანა. ხოლო რადგან საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, შეუძლებელია გაძლიერებულ სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი.
ჩვენ შეიძლება გვყავდეს რამდენიმე ძლიერი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორში, მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სკოლები, განათლებისა და გადამზადების ორგანიზაციები, სოციალური მომსახურების სააგენტოები და სხვა. ხუთი ძლიერი `ენჯეო~ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას სრულებითაც არ ნიშნავს და ვერ უდრის.
მხოლოდ ხელისუფლების როლს ხედავთ ცვლილებებში? თუკი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დათმობენ საკუთარ უფლებებს, სახელმწიფო როგორღა განვითარდება?
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ფუნქცია გადაჭარბებულად გაიგება ხოლმე. როგორც უკვე აღვნიშნე, ტერმინი `სამოქალაქო საზოგადოება~ განუზომლად ფართო ცნებაა და მასში ეკლესიაც ისევე შედის, როგორც სხვა, ნებისმიერი სამოქალაქო ინსტიტუტი, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებიც. ხოლო იმას, რასაც საქართველოში სამოქალაქო (მესამე) სექტორს ვუწოდებთ, როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კოალიციები და სამოქალაქო პლატფორმები წარმოადგენენ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს რიგი ფუნქციებისა, რომელთა თავის თავზე აღება სახელმწიფოს არ შეუძლია. სწორედ ეს ორგანიზაციები მოდიან და ითავსებენ ასეთ ფუნქციებს: მაგალითად, სასკოლო სისტემა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, მაგრამ ზრდასრულთა განათლებაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს. აი აქ ერთვებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მეორე ფუნქცია, რაც სამოქალაქო (მესამე) სექტორს აქვს, ხელისუფლების გაკონტროლების ფუნქციაა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ.
ამ ფუნქციებს საქართველოში მესამე სექტორი მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს. ერთი სიტყვით, არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს ვერ ჩაანაცვლებენ, რადგან ისინი ვიწრო სოციალურ მანდატს ეფუძნებიან და მათი მისიაც ვიწროა. თქვენ მკითხეთ: თუ ეს ორგანიზაციები თავიანთ უფლებებს დათმობენ, სახელმწიფო როგორღა განვითარდება? – მე გპასუხობთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ არის მესამე სექტორის როლი და ფუნქცია.
თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ დაგვიცავენ ძალადობისგან, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები? – ჩვენ საკუთარი პოლიცია ხომ არ გვყავს, ან ნახევრად გასამხედროებული, ან სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიას მრავლად გამოჰყავს ხოლმე? (მაგალითად, მმკ-ს დამრბევთა რაზმი, რომელსაც ეკლესიის შიგნითვე ლიბერალურად განწყობილი ადამიანები `ორკებს~ უწოდებენ).
მაშასადამე, სუსტი სახელმწიფოს ბრალია, რომ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ შეკრების საყოველთაო, კონსტიტუციური უფლებით. აქედან გამომდინარეობს დასკვნაც: რიგ საკითხებში სახელმწიფოს ეფექტურობა (მაგალითად, უსაფრთხოების დაცვის საკითხი) არასამთავრობო ორგანიზაციათა სიძლიერეს განაპირობებს, ხოლო რიგ საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციათა სიძლიერე სახელმწიფო დაწესებულებებს აძლიერებს (მაგალითად, თუ მოსამართლეებს, პოლიციელებსა და პროკურორებს არასამთავრობო ორგანიზაციები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან ტრენინგების მეშვეობით).
თქვენ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას ახსენებთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დასაცავად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. როგორ ფიქრობთ, არც ეს ნიშნავს არაფერს?
შეკრების თავისუფლებასთან ეს კანონი საერთოდ არაფერ შუაშია. რუსეთის ინტერესებშია, რომ ამ კანონის მიღება გახადოს პრობლემური, თორემ ეს კანონი არც ითვალისწინებდა ვინმესთვის რაიმე ახალი უფლების მინიჭებას. ის მხოლოდ არსებულ კანონებს კრებს ერთად და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლად სახალხო დამცველს აცხადებს.
პრობლემა კი ის არის, რომ სახელმწიფოვერ იცავს კანონებს. სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სიძულვილის მოტივირებულ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, ვერ იცავს მოქალაქეს, რადგან მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობის აღება არც პოლიციას სურს, არც პროკურატურას და არც სასამართლოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვას, ის არც ერთი უფლების დაცვას არ ითვალისწინებს განსაკუთრებულად. ის მხოლოდ ერთად აგროვებს ყველა იმ კანონს, რომელიც საქართველოში მიიღეს ბოლო წლებში. ამიტომ, 17 მაისთან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიბმა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იყო და პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს ქართული საზოგადოება დაძლიოს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული შიშები? დიდხანს დარჩება ეს საკითხი ძალადობრივი ქცევის განმაპირობებელი?
სიმართლე არის ის, რომ ეკლესიაში უფრო ბევრია ასეთი (ჰომოსექსუალი) ადამიანი, ვიდრე გარეთ, სხვა ნებისმიერ ინსტიტუტსა თუ დაწესებულებაში. საკუთარი, პირადი კომფორტისთვის ამ დაწესებულებას შეკედლებული ეს ადამიანები სხვებს სდევნიან, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. საქართველოს მთავარი პრობლემა ჰომოფობია არ არის. ამ ქვეყნის მოქალაქის პრობლემა არის სიყალბე. სიყალბე გვახრჩობს. ჩვენ გვირჩევნია სხვისკენ გავიშვიროთ საჩვენებელი თითი, რადგან საკუთარი სახელით წარმოთქმა და სარკეში დანახვა გვტკივა. საკუთარი თავის მიღება ყველაზე დიდი გამბედაობაა.
სიყალბე ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და ეკლესიაც, სამწუხაროდ, ასეთ ორგანიზაციად გადაიქცა. ეს განსაკუთრებით შემზარავია, რადგან ქრისტე თუ რამეს ებრძოდა, ეს ფარისევლობა იყო. თუ სიყალბეს არ ვებრძოლეთ, არა მარტო ჰომოფობიით, არამედ სხვა მხრივაც დავსნეულდებით. მრავალმხრივ დასნეულებულ, სულიერად გაკოტრებული საზოგადოებები ადვილად იღუპებიან.
საქართველოს ეკლესია სხვისი უკანალის სადარაჯოზე კი არ უნდა იდგეს, არამედ ფარისევლობას უნდა ებრძოდეს საკუთარ თავში. არამიმდევრებს კი არ უნდა სდევნიდეს, ჯიპებს და მიწებს კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ მისი სულიერი შვილების გაკეთილშობილებაზე უნდა ზრუნავდეს. ხოლო თუ ჩვენ, მოქალაქეები, მუდმივად მივცემთ შესაძლებლობას ვიღაცას, ჩვენი გაუნათლებლობითა და სიღარიბით იხეიროს, ჩვენი შიშით ისარგებლოს და კიდევ მეტი ფული გამოგვძალოს, ჩვენ კვლავ და კვლავ დავრჩებით კულტურულად, სულიერად და ეკონომიკურად გაღარიბებული ხალხი.