ნეტგაზეთი | მექსიკაში ორი კაცი ჩაქოლეს და დაწვეს, მიზეზი მათზე გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა მექსიკაში ორი კაცი ჩაქოლეს და დაწვეს, მიზეზი მათზე გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა – Netgazeti
RU | GE  

მექსიკაში ორი კაცი ჩაქოლეს და დაწვეს, მიზეზი მათზე გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა

WhatsApp-ში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, მექსიკაში მოქალაქეებმა ორი ადამიანი დაწვეს. მოკლულებს ბავშვების გატაცებასა და ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

როგორც BBC წერს, რიკარდო და ალბერტო ფლორესები სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მოსახლეობა იყო შეკრებილი. პოლიციამ შეკრებილებს რამდენჯერმე განუცხადა, რომ დაკავებულები ბავშვების გამტალებლები არ იყვნენ და ისინი მცირე დანაშაულზე დააკავეს, თუმცა შეკრებილებს ამბის საკუთარი ვერსია ჰქონდათ, რომელიც WhatsApp-ში გავრცელდა:

“გთხოვთ, ყველანი ფრთხილად იყავით, რადგან ბავშვთა გამტაცებლები შემოვიდნენ ქვეყანაში. როგორც ირკვევა, კრიმინალები ორგანოებით ვაჭრობენ. ბოლო რამდენიმე დღეში 4, 8 და 14 წლის ბავშვები გაუჩინარდნენ. ზოგი გარდაცვლილი ორგანოების გარეშე იპოვეს”, – ეწერა შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.

პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები ფრანცისკო მარტინესმა წააქეზა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც WhatsApp-ში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მარტინესმა პოლიციის შენობასთან “ფეისბუკ ლაივი: ჩართო და მოსახლეობას განყოფილებასთან მოსვლისკენ მოუწოდებდა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, ბავშვთა გამტაცებლები იქ იმყოფებოდნენ.

სანამ მარტინესი ხალხის შეკრებას ცდილობდა, მეორე ადამიანი, რომელსაც პოლიცია მანუელად მოიხსენიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის სახურავზე აძვრა და ზარი დარეკა, რომელსაც მთავრობა მოსახლეობის გასაფრთხილებლად იყენებდა. კაცი ხალხს ეუბნებოდა, რომ პოლიცია რიკარდოსა და ალბერტოს გათავისუფლებას გეგმავდა.  მესამე პირი კი ხმის გამაძლიერებლით მოსახლეობას მოუწოდებდა, ფული შეგროვებინათ, რათა საწვავი ეყიდათ და დაკავებულები დაეწვათ.

მალევე, ხალხმა პოლიციის შენობის ჭიშკარი შეანგრია და რიკარდო და ალბერტო ფლორესები გარეთ გამოათრია. ისინი მიწაზე დააგდეს და ცემა დაუწყეს, რის შემდეგაც წიანსწარ ნაყიდი ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

თვითმხილველების განცხადებით, 21 წლის რიკარდო ცემისგან გარდაიცვალა. მისი ბიძა, 45 წლის ალბერტო ფლორესი კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და, უბრალოდ, დეზინფორმაცია იყო. ქალაქში არცერთი ბავშვი არ გაუტაცებიათ. თუმცა, როგორც BBC წერს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ცრუ ინფორმაციის გამო მოსახლეობამ მართლმსაჯულების განხორციელება საკუთარ თავზე აიღო.

გამოცემის ცნობით, 30 აგვისტოს, იმ დღეს, როცა რიკარდო და ალბერტო მოკლე, მექსიკის კიდევ ერთ ქალაქში მოსახლეობა 7 ადამიანის ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავდა. მათაც ბავშვების გატაცებაში უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ, თუმცა პოლიციამ ბრბოს შეკავება შეძლო. იმავე დღეს სხვა ქალაქში ერთი ადამიანი ასევე სცემეს და დაწვეს.

მსგავსი შემთხვევები მოხდა 16 და 26 ოქტომბერს ეკვადორსა და კოლუმბიაშიც. ყველა შემთხვევაში ბრბოს ქმედების საფუძველი ბავშვთა გატაცებაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.