ახალი ამბები

GPB-ის გამოხმაურება მრევლის აქციაზე – “წითელი ზონის” შინაარსს მისი ავტორი განსაზღვრავს

19 მაისი, 2014 • • 1269
GPB-ის გამოხმაურება მრევლის აქციაზე – “წითელი ზონის” შინაარსს მისი ავტორი განსაზღვრავს

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დღეს გამართული აქციის საპასუხოდ, მაუწყებელი აცხადებს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე პირველი არხის ეთერში გადის გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა „წითელი ზონა“ ფილმთან ერთად. აღნიშნული გადაცემის ავტორი თავად განსაზღვრავს გადაცემის თემატიკას, მის შინაარსს და თავადვე ირჩევს ფილმს, რომელიც გადაცემის შემდეგ გადის ეთერში წამყვანის წარდგენით. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც 2012 წლის 19 ოქტომბრიდან 2014 წლის პირველ აგვისტომდე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობასთან“ გაფორმებული აქვს კონტრაქტი, გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, პირველი არხის ეთერით გადაცემაში “წითელი ზონა” ნაჩვენები იყო ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმი „დედა, მამა მე გეი ვარ“ და მხატვრული ფილმი “ნაადრევი სუსხი” (რეჟ. პ. პინო). გადაცემის თემა: ჰომოფობია; სტუმარი: ეკა აღდგომელაშვილი”, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ “წითელი ზონის” გადაცემას, რომელიც ჰომოფობიას შეეხებოდა. ამასთან, მომიტინგეები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასაც მოითხოვდნენ.

 

 

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 2014 წლის 19 მაისს/ფოტო: მიხეილ ჭაბუკაშვილი
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 2014 წლის 19 მაისს/ფოტო: მიხეილ ჭაბუკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი