“ნამდვილად აღარ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით. მაგრამ ბოლო დროს ისინი ბედავენ და ისეთი რიხით ლაპარაკობენ, ისე უნამუსოდ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა ვისთან გვქონდა საქმე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის “წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება: ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული, ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული. მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას და ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ღამ-ღამობით გადაფორმებულ ქონებას, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან საპროცესო გარიგებას და უსახლკაროდ დარჩენილ და გაღატაკებულ ჩვენს მოსახლეობას. ან ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” “რეჟიმის მთელი სისასტიკე” ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად:
“ყველამ ნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ბიჭებს, კაცებს! ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ! ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა! მაგრამ მათი აღარავის სჯერა, ისინი ვეღარ მოატყუებენ ხალხს! ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას.
მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც უნდა. მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეღებილ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენონ, რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი. ადამიანის ხარჯზე! ადამიანის ღირსების ხარჯზე!
გეკითხებით, ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების საშუალება? რომელ თქვენგანს ჰქონდა საშუალება იმ კონცერტებზე დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს იხდიდა?
თვითონ ნაციონალებმა მონათლეს მაშინვე შეცდომად და სისტემის მარცხად ყველა საშინელება, რაც ციხეებში ხდებოდა. დღეს ამბობენ, შეგვეშალა, გამოგვრჩაო! არაფერიც არ შეეშალათ! ეს ყველაფერი თვითონ დაგეგმეს, ეს ყველაფერი მათი დავალებით ხდებოდა! ისინი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო შიშს, დაუნდობლობასა და ძალადობას შეეძლო მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მოტანა და მათი კეთილდღეობის გადარჩენა.
უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი საქართველო. ქართველებმა ეს სირცხვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვირეცხოთ! გპირდებით, რომ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა”.







