ახალი ამბები

დაპირისპირება მოზარდებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე

17 მაისი, 2014 •
დაპირისპირება მოზარდებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე

შემთხვევა დღეს, 17 მაისს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ “სმარტთან” მოხდა, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ მოზარდს ასევე არასრულწლოვანი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლები, რომლებსაც ტელეფონით აცნობეს, რომ არასრულწლოვანი თავს აფარებდა სუპერმარკეტ “სმარტს”, ვერ გადიოდა გარეთ, სადაც სხვა მოზრდები ელოდნენ, რომლებმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

EMC-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ პოლიციას და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თავდაპირველად პოლიციელები არაეთიკურად იქცეოდნენ: 

 

“ამ ბავშვზე თქვეს, რომ დღეს ერთხელ უკვე გავარიდეთ ასეთ სიტუაციას და ჩვენ ამის ტაქსი ხომ არ ვართო. ასევე, მოზარდს არაეთიკურად ესაუბრებოდნენ, – ქალბატონოთი მოგმართოთ თუ ბატონოთიო, უთხრეს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” EMC-ში. თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პოლიციას მიუთითეს მათი არაეთიკური ქცევის გამო, სიტუაცია შეიცვალა და ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა.
 
 
საბოლოოდ, არასრულწლოვანმა, რომელიც თავს “სმარტს” აფარებდა, პოლიციის თანხლებით დატოვა ტერიტორია, ასევე, სამართალდამცავებმა დააკავეს მეორე მოზარდი, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა შემდეგ ხელწერილით გაუშვეს. შემთხვევას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა საქართველოში წელს ეს თარიღი ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს არ აღუნიშნავთ, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ გასულ წლებში სამართალდამცავებმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყვეს მათი უსაფრთხოების დაცვა. გასული წლის 17 მაისს მათ მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს სასულიერო პირებმა და მრევლმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, თუმცა აღნიშნული ფაქტების გამო დღემდე არავინ დასჯილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი