ახალი ამბები

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი აჩენს ცოტა შვილს

9 ნოემბერი, 2018 • 1033
მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი აჩენს ცოტა შვილს

მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქალი აჩენს ცოტა შვილს. როგორც BBC წერს, 1950 წელს მსოფლიოში ერთი ქალი, საშუალოდ, 4.7 ბავშვს აჩენდა. ახალი კვლევის მიხედვით კი, 2017 წლისთვის ერთ ქალზე 2.4 ბავშვი მოდის. ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით იცვლება.

მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ეს რიცხვი არის 7.1, კვიპროსზე კი, როგორც წესი, ქალები, საშუალოდ, თითო შვილს აჩენენ. როგორც გამოცემა წერს, როდესაც ქვეყანაში ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა 2.1-ზე ნაკლებია, ქვეყანაში პოპულაცია მცირდება.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში. როგორც BBC წერს, ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ამ ეტაპზე არ მცირდება მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების გამო, თუმცა წლების შემდეგ ეს გამოიღებს თავის შედეგს.

ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების ოდენობა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ფაქტორი ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა, ასევე, კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას და საქმდება.

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერების ნახევარში ქალების დიდი ნაწილი კვლავ მრავალშვილიანია, თუმცა, რაც მეტი ქვეყანა განვითარდება ეკონომიკურად, ეს მაჩვენებელი დაიკლებს.

პოპულაციის დაბერების ოქსფორდის ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ჯორჯ ლისონის თქმით, მიგრაციის გარეშე, ქვეყნები მოსახლეობის დაბერებისა და პოპულაციის შემცირების საფრთხის წინაშე დადგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი