არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ II ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბოლო კვირის განამვლობაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს”, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
“სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის სოციალური დახმარებების ოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას. ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ყოველი არჩევნების წინ მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს მსგავსი დაპირებების გაცემისა და საბუჯეტო პროგრამების განხორციელებისგან. ამჯერადაც მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციის შესრულება”, – ნათქვამია განცხადებაში.
TI მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი
ტენდენციას სათავე დაუდო პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 140 000 სოციალურად დაუცველ ბავშვს 10 ლარიდან 50 ლარამდე გაეზრდებათ დახმარება, რაც, ჯამში, დამატებით 70 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო ხარჯს გულისხმობს.
დავით სერგეენკო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
იმავე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამომრჩეველს მთავრობის დადგენილების მიღებას დაჰპირდა, რომლის თანახმადაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება ფულადი სოციალური დახმარება, ხოლო შემდეგი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არაფულადი პრივილეგიები. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს.
სერგეენკომ ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.
კახაბერ ოქრიაშვილი – პარლამენტის წევრი
4 ნოემბერს დმანისის და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მან პარლამენტს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი ითვალისწინებს დასახლებისთვის, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც, მაღალმთიანის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას, რასაც ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა შეიძლება მოჰყვეს.
რუსთავის და თელავის მუნიციპალიტეტები
5 ნოემბერს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 350 ოჯახს დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინები, რომელთა დაკანონებასაც რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვდნენ.
მსგავსი პროცესი მიმდინარეობს თელავშიც, სადაც ე.წ. „ლეგიონის ბინები”, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა, იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაუკანონდება, რასაც ადასტურებს თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი.