ახალი ამბები

მე-11 კლასელი გოგო 75 წლამდე მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

8 ნოემბერი, 2018 •
მე-11 კლასელი გოგო 75 წლამდე მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგო 75 წლამდე წლის მასწავლებელ კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, მას პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული გაასაჩივრა და მასწავლებელი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს დაუდასტურეს ინფორმაცია ბრალდების შესახებ და უთხრეს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. იგივე დაადასტურა რაიონული რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც. მისივე ცნობით, მასწავლებელს მუშაობის დიდი სტაჟი ჰქონდა.

ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი. მოსწავლე აგრძელებს სკოლაში სიარულს.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ მამაკაცი 25 ოქტომბერს დააკავეს იძულების მუხლით (სსკ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით).

იძულება, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს “ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება”.

ეს დანაშაული, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი