თორდია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასა და 5000-ლარიან გირაოს “სპექტაკლს” უწოდებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენას “დადგმულ სპექტაკლს” უწოდებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

ყოფილი გენერალური აუდიტორი ვარაუდობდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს გარკვეული დროით ციხეშიც ჩასვამდნენ, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს:

“ვვარაუდობდი, რომ რაღაც სპექტაკლს, დადგმას ექნებოდა ადგილი, რაც დღეს აღსრულდა, თუმცა გუშინ მეგონა, რომ შეთანხმებულად რაღაც დროით ციხეში ჩასვამდნენ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა ამაშიც კი შევცდი, აკმარეს მხოლოდ და მხოლოდ 5-ათასლარიანი გირაო. რა თქმა უნდა, სასაცილოა უბრალოდ და თვალში ნაცრის შეყრა.”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი “ცინიკურს” უწოდებს პროკურატურის განცხადებასაც იმის შესახებ, თითქოს მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და არა ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმიანობის გამო.

“პროკურატურის დღევანდელი განცხადებაც, რა თქმა უნდა, ცინიზმის მწვერვალი იყო ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თითქოს მე ათ კაცს მივუვარდი და ვლანძღავდი; როგორ დაასაბუთებენ ამას, უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერზე არიან უკვე წამსვლელები, როგორც ვატყობ,” – განუცხადა რუსთავი 2-ს ლაშა თორდიამ.

თორდია რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ 5-ათასლარიანი გირაო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ორი მილიონი იშოვა გარიგებიდან, რომელსაც აუდიტის სამსახური სწავლობდა, ცინიკურია:

“გამომდინარე იმ ძალიან ბევრი სკანდალური თემისა, რომელიც დაგროვდა ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ, აუცილებელი იყო რაღაც ფორმით რეაგირების მოხდენა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაღაც გააკეთეს. ეს რაღაც არის უფრო უარესი, ჩემი აზრით. ამას სჯობდა, მართლა არაფერი გაეკეთებინათ. ოთარ ფარცხალაძისთვის, რომელსაც, მარტო ჩვენი აუდიტის გამოძიებით, 2 მილიონი აქვს ნაშოვნი იმ კონკრეტული გარიგებიდან, 5000-ლარიანი გირაო რამენაირ ზეგავლენას მოახდენს? კითხვას ვუსვამ უბრალოდ პროკურატურას ან ვინმეს. აი, ამ ფორმით ცდილობენ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ.”

მოკლედ:

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირ მიხეილ ჩოხელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ცემას გულისხმობს. პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 13 მაისს “ელცენტროში” მომხდარი ინციდენტის შედეგად მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურორის ცნობით, ამჟამად მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ინციდენტი “ყოფით ნიადგაზე მოხდა”. ლაშა თორდია და მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ამ უკანასკნელს ფარცხალაძემ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო სცემა. თორდიას განმარტებით, იმ პერიოდში აუდიტი მერიისა და ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო გარიგებას სწავლობდნენ, რასაც ფარცხალაძის გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ცნობილია, ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს, ანუ 1 წლისა და 6 თვის უკან მოხდა, თუმცა თორდია დაზარალებულად ახლა ცნეს. ფარცხალაძესაც ბრალი ახლა წარუდგინეს. ჟურნალისტების კითხვას, რატომ მოხდა ბრალის წარდგენა ახლა და არა მანამდე? პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი მოიწვიეს, რომელიც ცალკე გამოყოფილი გამოძიების პროცესში ასევე სწავლობს ლაშა თორდიას მიერ დასახელებულ მოტივსაც. პროკურორის თქმით, ისინი ელოდებოდნენ ექსპერტიზასაც.

გუშინ პროკურატურას არ გაუვრცელებია ინფორმაცია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ არამხოლოდ ბრალი წარუდგინეს ფარცხალაძეს, არამედ უკვე სასამართლომაც იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე და მას პროკურატურის შუამდგომლობის შესაბამისად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.