ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

6 ნოემბერი, 2018 • 2763
ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც მოსიაშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძეს ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინა და საღამოსვე გაიმართა სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლოს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა ცემის მუხლით. გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძე უდანაშაულოა და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობის მიუხედავად, მომხდარიდან წელიწადნახევარის შემდეგაც გამოძიება დასრულებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი