ახალი ამბები

ჯარიმა, შრომა, შინაპატიმრობა, 1-წლამდე პატიმრობა – რას ითვალისწინებს ფარცხალაძის ბრალი

6 ნოემბერი, 2018 • 1694
ჯარიმა, შრომა, შინაპატიმრობა, 1-წლამდე პატიმრობა – რას ითვალისწინებს ფარცხალაძის ბრალი

ყოფილი მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან მაქსიმუმ ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ წარდგენილია ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პროკურატურა განმარტავს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ამიტომ უწყებამ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

ასეთ შემთხვევაში კი, ფარცხალაძის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობის მიუხედავად, მომხდარიდან წელიწადნახევარის შემდეგაც გამოძიება დასრულებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი