ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

15 მაისი, 2014 • • 1173
მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, 32 წლის მამაკაცმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია, 14 მაისს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

“ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია”, – აცხადებენ შსს-ში.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებით). აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 12-წლიანი პატიმრობა შეიძლება იყოს, განზრახ მკვლელობის მუხლი კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.


გარდაცვლილი 27 წლის სოფო ზურაბიანია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ხოლო მისი ყოფილი ქმარი – ალექსანდრე ცოცხალაშვილი, რომელიც დაკავებულია, სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ფინანსურს პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა და სამსახურიდან გამომდინარე, იარაღს ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი