ახალი ამბები

ფანჯიკიძისა და ოლანდის შეხვედრის ინტერიერი – ინტერნეტში ხუმრობების ახალი კამპანიის მუზა

15 მაისი, 2014 • • 1496
ფანჯიკიძისა და ოლანდის შეხვედრის ინტერიერი – ინტერნეტში ხუმრობების ახალი კამპანიის მუზა

 

“ეს ფოტო გადაღებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განყოფილების ერთ–ერთ VIP ოთახში. ეს არ არის საგარო საქმეთა სამინისტრო, აეროპორტის ჩვეულებრივი სამუშაო ოთახია. საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია, როდესაც სტუმარი ჩამოდის და შედის VIP ოთახში გარკვეული პერიოდი მოსასვენებლად და ამ ფორმატში მოხდა ეს დახვედრა”, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი. 

 

კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ოლანდი და ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, იგი პასუხობს, რომ ეს არ ყოფილა შეხვედრა, არამედ იყო დახვედრა:

 

“პროტოკოლურად ეს ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი არ ყოფილა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იყო დაგეგმილი. ოლანდის საქართველოში ვიზიტის პროტოკოლური ნაწილი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან”, – ამბობს იგი.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ოლანდის მასპინძელი პრეზიდენტი იყო, თუმცა ამბობენ, რომ იმ შეხვედრასთან, რომელიც ვიზიტის დასაწყისში საფრნაგეთის პრეზიდენტსა და მაია ფანჯიკიძეს შორის გაიმართა, მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ:

 

“ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა კითხოთ. ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა გავრცელებული ის კადრები, ჩვენ არ გაგვივრცელებია და, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით.  საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის მასპინძელი იყო, თუმცა, რაც შეეხება იმას, რაც იქ იყო დაგეგმილი და იმ სუფრასაც, რაც თქვენ იხილეთ, ჩვენ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს უნდა კითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს”, –გვითხრეს პრეზიდენტის პრესსამსახურში.

 

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ მაღალი რანგის სტუმრის მასპინძლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკა არსებობს, თუმცა მას უჭირს ისაუბროს, რომელ პრაქტიკას იყენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება:

 

“ზოგიერთ ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ერთი ცენტრალური პროტოკოლის სამსახური, რომელიც ყველას ემსახურება, ზოგიერთში კი, ისევე როგორც ჩვენთან, პროტოკოლის სამსახურები სხვადასხვა უწყებაში ცალ–ცალკე არსებობს. ისე, როდესაც პრეზიდენტის ვიზიტთან გვაქვს საქმე, ყველა ერთად უნდა მუშაობდეს და ნორმალურ პირობებში [მასპინძელი] პრეზიდენტის პროტოკოლია პასუხისმგებელი, მაგრამ ჩვენთან, მგონი, არც პრეზიდენტს და არც მის ადმინისტრაციას მთავრობა არ უსმენს და არ უჯერებს. ამიტომ, აქ ვისი წილი პასუხისმგებლობისა უფრო დიდია, რთული სათქმელია”, – აღნიშნავს ჟღენტი.

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ ოლანდს აეროპორტში გიორგი მარგველაშვილი არ დახვედრია. ნეტგაზეთის კითხვას, რატომ მოხდა ისე, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმარს პრეზიდენტი არ დახვდა, მის პრესსამსახურში ასე უპასუხეს:

 

“სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, სტუმრად ჩამოსულ პრეზიდენტს ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლები და მას დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ ხვდებით მისი რანგის მნიშვნელობას. ეს პროტოკოლური სტანდარტია”.

 

სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ ფორუმზე კი ზემოხსენებულ ფოტოსთან დაკავშირებით, “ღარიბულ სუფრაზე” თუ ოთახის ინტერიერზე, ხუმრობები გრძელდება. ამ თემაზე არაერთი ფოტოშარჟი შეიქმნა მონტაჟის გამოყენებით:

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში თავისი ერთდღიანი ვიზიტი გუშინ, 13 მაისს დაასრულა. ვიზიტის ბოლოს იგი დაესწრო პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილის სახელით გამართულ ვახშამს, გარდა ამისა, იმყოფებოდა საცხობების ფრანგულ ქსელ ანტრეში.

 
 პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. ნეტგაზეთს პრეზიდენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მთავრობაში მოსაწვევები ნამდვილად დაიგზავნა, ხოლო უშუალოდ პრემიერ–მინისტრი იყო თუ არა მიწვეული, მოგვიანებით გვეტყვიან, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას გადაამოწმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი