ახალი ამბები |

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა — პირველი არხი

5 ნოემბერი, 2018 | | 4898
ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა — პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს 5 ნოემბერს ბრალი წარედგინა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს-ს და პროკურატურას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

როგორც On.ge წერს, პროკურატურის პრესსამსახურში მათ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ხვალ გააკეთებენ კომენტარს.

“ნეტგაზეთი” ასევე ცდილობს ფარცხალაძის ადვოკატთან, გოგი მოსიაშვილთან დაკავშირებას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

ფარცხალაძე, რომლის სახელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, დღეს პოლიციაში იმყოფებოდა. შსს-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა ფარცხალაძე პოლიციაში, ან რა სტატუსით.

მისი პოლიციაში მისვლის შესახებ ინფორმაცია 5 ნოემბერს გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი2-მა. მათ კადრებში ჩანს, როგორ გამოდის ფარცხალაძე პოლიციის შენობიდან. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსთავი2-ის ვარაუდით, შესაძლოა, გამომძიებლებს მან ინფორმაცია მიაწოდა “ომეგა ჯგუფის” საქმესა და ე.წ. “სარდაფის ინციდენტზე”. როგორც “ომეგას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, ფარცხალაძე მას 4 მილიონი ლარს სძალავდა. ამავე საქმეში ფიგურირებს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, რომელმაც ამ საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ მისცა ჩვენება.

[წაიკითხეთ დეტალურად: ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე]

2017 წლის მაისში ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, რასაც თავად ყოფილი მთავარი პროკურორი უარყოფდა. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხება. თორდიას თქმით, ამ ურთიერთობაში “კორუფციული თემები” იკვეთებოდა.

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი