პოლიტოლოგების ნაწილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ ტესტად აფასებს.
“ნეტგაზეთი” შეეცადა გაეკეთებინა სტატისტიკური მანიპულაცია – ეს რომ საპრეზიდენტოს ნაცვლად საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, როგორ განაწილდებოდა მანდატები?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული მოდელით
როგორც ცნობილია, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, მაჟორიტარული-პროპორციული სისტემით ჩატარდება. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცნობია, ვინ იქნებიან პარტიების მაჟორიტარი კანდიდატები და მათი პერსონალური რეიტინგები. აგრეთვე, გასათვალისწინებელია დამოუკიდებელი კანდიდატების ფაქტორიც, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, ზოგადი განწყობის ილუსტრაციისთვის “ნეტგაზეთი” შეეცადა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემით დაეთვალა.
გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები “ძალა ერთობაშიას” მანდატებში ავსახეთ, სალომე ზურაბიშვილის – მისი მხარდამჭერი “ქართული ოცნების”, ხოლო დავით ბაქრაძის – ევროპული საქართველოსი და ა.შ.
რაც შეეხება ხმების დათვლის მეთოდს: გამოყენებულია მანდატების განაწილების შერეული საარჩევნო სისტემის ფორმულა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება გამოყენებული:
იხილეთ 2020 წლის არჩევნების ფორმულა
პარლამენტი სულ 150 დეპუტატისაგან შედგება. აქედან 73 არის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევიან. 77 დეპუტატს მოსახლეობა პროპორციული საარჩევნო სისტემის წესით ირჩევს პარტიული სიების საფუძველზე.
პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. გადაუნაწილებელი მანდატები კი ემატება პარტიას, რომელმაც 3%-იანი ბარიერი გადალახა, თუმცა პარლამენტში 6 დეპუტატის შეყვანას ვერ ახერხებს. ასეთ პარტიას გადაუნაწილებელი მანდატები ემატება და ევსება 6-მდე, დარჩენილი მანდატები კი რიგრიგობით ემატება უკეთესი შედეგის მქონე პარტიას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული მოდელით, მაჟორიტარულ ოლქებში, წლევანდელი არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველივე ტურში “ქართული ოცნება” პარლამენტში 11 მანდატს მოიპოვებდა, 2-ს კი – “ძალა ერთობაშია. 60 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართებოდა, რადგან ამ ოლქებში ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ მოაგროვებდა.
რაც შეეხება პროპორციული სისტემით გადასანაწილებელ მანდატებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელით, ხმების ამ რაოდენობით, მიუხედავად 3 პროცენტამდე დაწეული ბარიერისა, პარლამენტში დეპუტატებს შეიყვანდა მხოლოდ 3 პარტია.
მათ შორის 6 მანდატი “ლეიბორისტულ პარტიას” ერგებოდა, 9 დეპუტატს პარლამენტში “ევროპული საქართველო” შეიყვანდა, “ქართული ოცნება” პროპორციული სისტემით 31 მანდატს მოიპოვებდა, “ძალა ერთობაშია” – 31-ს.
შესაბამისად, ამ სტატისტიკური მანიპულაციის მიხედვით, ეს რომ საპრეზიდენტოს ნაცვლად საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, პროპორციულს+მაჟორიტარულის ფორმულით:
- “ქართულ ოცნება” 42 გარანტირებულ მანდატს მოიპოვებდა
- ევროპული საქართველო – 9 გარანტირებულ მანდატს
- ლეიბორისტები – 6 გარანტირებულ მანდატს
- ძალა ერთობაშია – 33 გარანტირებულ მანდატს
- 60 მანდატისთვის ამდენივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართებოდა “ქართულ ოცნებასა” და “ძალა ერთობაშიას” შორის
2024 წლის პროპორციული საარჩევნო სისტემით
2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არა შერეული (მაჟორიტარულს+პროპორციული) საარჩევნო სისტემით, არამედ მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება, ანუ პარლამენტში მხოლოდ პარტიულ სიებში მოცემული პოლიტიკოსები მოხვდებიან და მაჟორიტარული არჩევნები აღარ ჩატარდება.
ამ შემთხვევაშიც, გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები “ძალა ერთობაშიას” მანდატებში ავსახეთ, სალომე ზურაბიშვილის – მისი მხარდამჭერი “ქართული ოცნების”, ხოლო დავით ბაქრაძის – ევროპული საქართველოს. რაც შეეხება ხმების დათვლის მეთოდს: გამოყენებულია მანდატების განაწილების პროპორციული საარჩევნო სისტემის ის ფორმულა, რომელზეც ქვეყანა 2024 წლიდან გადადის.
იხილეთ 2024 წლის არჩევნების ფორმულა
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
როგორც ცნობილია, ამჟამად “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პარლამენტის არჩევნები რომ ყოფილიყო და მანდატები პრორციული წესით გადანაწილებულიყო, “ქართული ოცნება” იმ რაოდენობის ხმებით, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 67 მანდატს მოიპოვებდა, “ძალა ერთობაშია” – 65-ს, ხოლო “ევროპული საქართველო” 18 დეპუტატით იქნებოდა წარმოდგენილი. სხვა ვერც ერთი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა.
როგორც ამ სტატისტიკური მანიპულაციით ჩანს, ეს რომ საპრეზიდენტოს ნაცვლად საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო და მანდატები პროპორციული სისტემის ფორმულით განაწილებულიყო, “ოცნება” პარლამენტში უპირატესობას მხოლოდ 2 მანდატით შეინარჩუნებდა, თუმცა დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიცია (“ძალა ერთობაშია” და ევროპული საქართველო) ძალებს გააერთიანებდა, მმართველი პარტია უმცირესობაში აღმოჩნდებოდა, ანუ ხელისუფლებას დაკარგავდა.
ამავე თემაზე გირჩევთ
“ეს არჩევნები იყო ტესტი საპარლამენტო არჩევნებისთვის” – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან