ახალი ამბები

ახალი კალედონია საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩება – რეფერენდუმის შედეგები

4 ნოემბერი, 2018 • 2895
ახალი კალედონია საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩება – რეფერენდუმის შედეგები

ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ მხარი საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა დღეს, 4 ნოემბერს მიმდინარეობდა.

მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე: “გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მოიპოვოს სრული სუვერენულობა და დამოუკიდებელი გახდეს?”

საბოლოო შედეგების მიხედვით, კენჭისყრის მონაწილეთა 56.4%-მა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, 43.6%-მა კი მის სასარგებლოდ მისც ხმა. აქტივობა რეფერენდუმზე 81%-ს შეადგენდა.

შედეგებს უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კალედონიელების გადაწყვეტილება საფრანგეთისადმი ნდობის ნიშანია.

BBC-ის მიხედვით, ახალ კალედონიას ელექტროობის ინდუსტრიისათვის მეტად საჭირო ნიკელის დიდი მარაგები აქვს და საფრანგეთის სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური დასაყრდენია რეგიონში.

დამოუკიდებლობას მხარს უჭერდნენ კალედონიის მკვიდრი მოსახლეობა — კანაკები, ხოლო არაადგილობრივი კალედონიელები, მათ შორის ევროპული წარმომავლობის ადამიანები საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრენი იყვნენ.

2014 წლის აღწერის თანახმად, კანაკები ახალი კალედონიის მოსახლეობის 39%-ს შეადგენენ, ევროპელები — 27%-ს, დანარჩენები კი უოლისიანელები, პოლინეზიელები და ინდონეზიელები არიან.

დამოუკიდებლობის საკითხი აქ ადრეც წამოჭრილა — 1980-იან წლებში დამოუკიდებლობის საკითხზე დავა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რეფერენდუმი ჩატარდა 1987 წელსაც. მაშინ რეფერენდუმზე მისულთა 98.3%-მა საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, და მხოლოდ 1.7%-მა (842-მა ადამიანმა) დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. თუმცა რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის მსურველმა ჯგუფებს ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული რეფერენდუმისთვის.

ამის შემდეგ იყო 20-წლიანი გარდამავალი პერიოდი ადგილობრივი მმართველობის გასაძლიერებლად, რამად ნიადაგი მოამზადა 2018 წლის ნოემბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისათვის.

ახლა, როცა დამოუკიდებლობის იდეამ ვერ გაიმარჯვა, ახალ კალედონიას კიდევ ორი რეფერენდუმის ჩატარების უფლება რჩება — 2020 და 2022 წელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი