ახალ კალედონიაში საფრანგეთისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

კვირას, 4 ნოემბერს, ახალ კალედონიაში ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის საფრანგეთის შემადგენლობაში.

ახალი კალედონია ამჟამად საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა. ის მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ვანუატუს და ფიჯის მახლობლად, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით, ავსტრალიის აღმოსავლეთით. ტერიტორია მე-19 საუკუნის შემდეგ საფრანგეთის დაქვემდებარებაშია — მას შემდეგ, რაც 1853 წელს საფრანგეთმა მისი კოლონიზაცია მოახდინა.

მოსახლეობა უპასუხებს შეკითხვას: “გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მოიპოვოს სრული სუვერენულობა და დამოუკიდებელი გახდეს”?

დამოუკიდებლობას მხარს უჭერს კალედონიის მკვიდრი მოსახლეობა — კანაკები, ხოლო არაადგილობრივი კალედონიელები, მათ შორის ევროპული წარმომავლობის ადამიანები, სავარაუდოდ, საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას მისცემენ ხმას.

როგორც Guardian-ი წერს, კანაკ ხალხში იგრძნობა ძლიერი სურვილი, დააღწიონ თავი ფრანგულ კოლონიურ მმართველობას. “სანამ ერთი კანაკი მაინც იდგება ფეხზე, იგი გააგრძელებს თავისი თავისუფლებისთვის ბრძოლას”, — ამბობს დამოუკიდებლობის მოძრაობის სპიკერი დანიელ გოა.

ახალი კალედონია (რუკაზე შემოსაზღვრულია ცისფერი წრით)

Al Jazeera-ს თანახმად, ახალი კალედონიელებისათვის რეფერენდუმში მონაწილეობა ნიშნავს, მათი ხმა ისმოდეს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, რაც მათ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება.

კალედონიიაში 280 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება სულ 174 000 ადამაინს აქვს. მათ ახალ კალედონიაში გრძელვადიანი მაცხოვრებლის სტატუსი აქვთ.

2014 წლის აღწერის თანახმად, კანაკები ახალი კალედონიის მოსახლეობის 39%-ს შეადგენენ, ევროპელები — 27%-ს, დანარჩენები კი უოლისიანელები, პოლინეზიელები და ინდონეზიელები არიან.

Guardian-ის თანახმადვე, ფრანგი იმიგრანტები ახალ კალედონიაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობენ. მაგალითად, ფრანგი საჯარო მოხელეები, რომლებიც ახალ კალედონიაში არიან დასაქმებულები, ორმაგ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ევროპაში მიიღებდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ იმედი აქვს, ახალი კალედონია მათ შემადგენლობაში დარჩება. თუმცა მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთის მთავრობა არ ჩაერევა რეფერენდუმში და რომელიმე მხარეს არ აირჩევს.

Guardian-ი წერს, რომ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 69-დან 75%-მდე ხმას დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცემს.

თუკი რეფერენდუმში დამოუკიდებლობის მომხრეები გაიმარჯვებენ, ახალი კალედონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნას დაიწყებს და ფრანგული მმართველობისგან დამოუკიდებელი გახდება. პარტიას, რომელიც დამოუკიდებლობას ლობირებს — კანაკთა და სოციალისტთა ეროვნულ-გამათავისუფლებელ ფრონტს, ახალი ქვეყნის სახელად წარმოუდგენია “კანაკი — ახალი კალედონია”, ხოლო დროშად — საფრანგეთის ნაცვლად პარტიის დროშა.

დანიელ გოა ასევე ამბობს, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ახალი კალედონია მოახდენს ნიკელის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას, და ჩამოშლის ახლანდელ ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც “ექსპლუატაციის ეკონომიკას” უწოდებს.

დამოუკიდებლობის საკითხი აქ ადრეც წამოჭრილა — 1980-იან წლებში დამოუკიდებლობის საკითხზე დავა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რეფერენდუმი ჩატარდა 1987 წელსაც. მაშინ რეფერენდუმზე მისულთა 98.3%-მა საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, და მხოლოდ 1.7%-მა (842-მა ადამიანმა) დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. თუმცა რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის მსურველმა ჯგუფებს ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული რეფერენდუმისთვის.

ამის შემდეგ იყო 20-წლიანი გარდამავალი პერიოდი ადგილობრივი მმართველობის გასაძლიერებლად, რამად ნიადაგი მოამზადა 2018 წლის ნოემბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისათვის.

“ცვლილებები მოხდა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, თუმცა ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია სოციალური სამართლიანობისათვის”, — ამბობს Al Jazeera-სთან საუბარში დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მომხრე.

თუკი დამოუკიდებლობის მხარდამჭერები ვერ გაიმარჯვებენ რეფერენდუმში, ახალ კალედონიას კიდევ ორი რეფერენდუმის ჩატარების უფლება რჩება — 2020 და 2022 წელს.

კანაკთა და სოციალისტთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტის დროშა

მომზადებულია Al Jazeera-ს და The Guardian-ის მასალებზე დაყრდნობით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com