ახალი ამბები

ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს – საპატრიარქო

3 ნოემბერი, 2018 • 5146
ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გრიგოლ ვაშაძის მიერ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცნობა, თითქოს პატრიარქი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ოპოზიციას “მახინჯი სისტემის დასანგრევად”, საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციაა და ილია მეორეს ასეთი რამ არ უთქვამს.

“ადრეც, და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, სადაც იგი ამბობს:

,,უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.“

აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს; პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან – ნიკა რურუასთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად ილია მეორეს დღეს, 3 ნოემბერს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საპატრიარქოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიას შეხვედრის განსახილველი თემები გააცნო. სწორედ ამ დროს გააჟღერა ვაშაძემ ზემოაღნიშნული ცნობა, რომელიც საპატრიარქომ უარყო.

პატრიარქი დაინტერესდა, რა გეგმები გვაქვს მახინჯი სისტემის დასანგრევად – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი