ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მტკიცეა ქართველ ერში ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია. ძლიერია და სიმბოლურია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი სამეცნიერო სიმპოზიუმი სწორედ საქართველოში იმართება.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანულ კულტურაზე დგას და მართლმადიდებლობა იყო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა ქართველ ერს, რომელმაც მისი მსოფლმხედველობას სიყვარული, მშვიდობიანი თანაარსებობა, შემწყნარებლობა, სათნოება, თანაგრძნობა, ღირებულებები მიანიჭა.
პრემიერმინისტრმა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს მიმართა, რომ იგი “მუხლჩაუხრელად” ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
“ამ მისიას დღესაც მუხლჩაუხრელად ემსახურება ჩვენი ეკლესია და მისი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, რისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ აერთიანებთ ჩვენს ერს საკაცობრიო მარადიული ღირებულებების ირგვლივ, რამაც ჩვენი სამშობლო დღემდე მოიყვანა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც დღეს პირველად გაიმართა წირვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს “ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს” აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე.
მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ. ამ სიმპოზიუმის ფარგლებში დღეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში წირა პირველად აღევლინება.