ახალი ამბები

მუშაობის დაწყება სოციალური დახმარების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს – სერგეენკო

2 ნოემბერი, 2018 • 3199
მუშაობის დაწყება სოციალური დახმარების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს – სერგეენკო

შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება – ერთი წლის, არამონეტარული დახმარება კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“თუკი ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა შემოსავალი, პროგრამა აფიქსირებს ამ შემოსავალს და მათ უწყდებოდათ სოციალური დახმარება, რაც დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ჩვენ უმოკლეს ვადაში დავამუშავებთ შესაბამის დადგენილებას, რომლისის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა სერგეენკომ.

გარდა ამისა, დღესვე მთავრობამ განაცხადა, რომ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი იქნება, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 143 166-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი