ახალი ამბები

შსს–მ საბანკო ანგარიშებიდან თანხების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12 მაისი, 2014 • • 1175
შსს–მ საბანკო ანგარიშებიდან თანხების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა 2 აპრილს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდა.


გარდა ამისა, დაკავებულს ბრალი ედება 31 მარტს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე ასეთივე მოწყობილობის, „სკიმერის“ დამონტაჟება და მისი საშუალებით იმავე ბანკის 329 მომხმარებლის საბანკო მონაცემების უკანონოდ მოპოვება. შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოპოვებული მონაცემებით პლასტიკური ბარათების ყალბი ასლები თურქეთში დაამზადებინა, მოგვიანებით კი გაყალბებული 19 ბარათით თანხების განაღდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბანკომატებიდან ცდილობდა.


“აღნიშნული სქემით ლევან მ-მ ერთ-ერთი ბანკის 9 მომხმარებლის კუთვნილი თანხები – 3260 ლარის ოდენობით თბილისში, სხვადასხვა ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი კომპიუტერული მოწყობილობები, მეხსიერების ფლეშ ბარათები და 22 ცალი ყალბი პლასტიკური ბარათი ამოიღეს. შსს–ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვო დამზადება-შენახვის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი