ახალი ამბები

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

31 ოქტომბერი, 2018 • 2509
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

“ნეტგაზეთს” პროკურატურიდან აცნობეს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქმე გადაკვალიფიცირდა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით.

ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

არასამთავრობო ორგანიზაციები, “ჩართულობის და განვითარების ცენტრი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომლებიც სწავლობენ მისი მკვლელობის საქმეს, თავიდანვე ამბობდნენ, რომ საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. მათივე ვარაუდით, ორივე პირი, ვინც მკვლელობის საქმესთან კავშირში დააკავეს, ნეონაცისტები არიან.

ვიტალი საფაროვი 30 სექტემბერს, გამთენიისას მოკლეს.

საფაროვის მეგობრისა და თანამშრომლის, აგიტ მირზოევის ინფორმაციით, მომხდარს, ერთი მხრივ, ვიტალი საფაროვსა და მის მეგობარს, მეორე მხრივ კი, წინ უძღოდა რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში, 05:00-ისთვის დაიწყო.

მისი ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა საფაროვი მეგობართან ერთად ახლომდებარე  კუთხეში გაიყვანეს და ორივე მათგანს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს – HRIDC

თბილისში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი