ახალი ამბები

ეს გადავადება და ხარვეზი შეიძლება, ვაპატიოთ ეროვნულ ბანკს – კაკულია სასესხო რეგულაციებზე

30 ოქტომბერი, 2018 • 1206
ეს გადავადება და ხარვეზი შეიძლება, ვაპატიოთ ეროვნულ ბანკს – კაკულია სასესხო რეგულაციებზე

საბანკო სესხების გაცემის შემზღუდავი რეგულაციის ამოქმედების გადავადება უკავშირდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნას? – ეს კითხვა “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატების ნაწილს ლეგიტიმურად მიაჩნია.

პირველი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო, მთლიანად საფინანსო სექტორისთვის კი – იანვრიდან. თუმცა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს პროცესი გადავადდა და ამ დროისთვის ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებული დებულების გამარტივებაზე მიმდინარეობს მუშაობა. 28 ოქტომბრის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ სესხებზე შეზღუდვები ხალხის ბანკებზე დამოკიდებულების შესამცირებლად წესდებოდა. სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კრიტიკის საგანი იყო ბანკების ასოციაციისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

რას უკავშირდება რეგულაციების გადავადება და ელოდება თუ არა ეროვნული ბანკი არჩევნების მეორე ტურს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან გამართული კონსულტაციებიდან გამომდინარეობს და მისი მიზანია, ახალი რეგულაციები ნაკლებად მტკივნეული გახადოს.

“მე როგორც ვიცი, სწორედ ეს არის გადავადების მიზანი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება თქვა, რომ კარგია ის კანონი, რომელიც შემუშავების პროცესში მაქსიმალური ჩართულობით არის მიღებული და შემდეგ ნაკლებ შესწორებას ითხოვს, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ასეთი რელობა და მოცემულობა. მთავარია, მივიღოთ მაქსიმალურად ადეკვატური კანონი და ეს გადავადება და თუნდაც  კონსულტაციების გარკვეული ხარვეზი, შეიძლება ვაპატიოთ ეროვნულ ბანკს, თუ საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ადეკვატურ კანონმდებლობას მივიღებთ”, – განაცხადა კაკულიამ.

კითხვას იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების გადავადება შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდეს, ლეგიტიმურად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი  ლევან კობერიძე. იგი ეროვნულ ბანკს კონსულტაციების დროულად გამართვისკენ მოუწოდებს.

“მსგავსი ლეგიტიმური კითხვები რომ არ დაიბადოს საზოგადოებაში,  ეროვნულ ბანკს მოვუწოდებ, რომ თუ რაიმე კონსულტაციები გასამართია საბანკო სექტორთან თუ სხვა სუბიექტებთან, დროულად გამართოს ეს კონსულტაციები და მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. არ შეიძლება, თან  ცოტათი უფრო მეტად სოციალისტები ვიყოთ, თან ცოტათი უფრო მეტად  ეკონომიკის ზრდა გვინდოდეს. ყველაფერი ერთდროულად არ ხდება. არის არსებული რეალობა და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ხოლო თუ გადაწყვეტილება  მიღებულია, უნდა  შევიდეს ძალაში, თუ არადა, დროულად უნდა იყოს ყველა კონსულტაცია გამართული, რათა უფრო მეტი გაურკვევლობა არ გამოიწვიოს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა და მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან არ ამოქმედდება.

შეზღუდვები საბანკო სესხებზე პირველი ნოემბრიდან არ ამოქმედდება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი