ახალი ამბები

“როდესაც სიტყვას დადებ, ის უნდა შეასრულო” – უგულავას განმარტება ვაშაძის მხარდაჭერაზე

30 ოქტომბერი, 2018 • 1566
“როდესაც სიტყვას დადებ, ის უნდა შეასრულო” – უგულავას განმარტება ვაშაძის მხარდაჭერაზე

“ევროპულმა საქართველომ” დღეს, 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დაუჭერენ მხარს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. პარტიის გადაწყვეტილების შესახებ გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ ისაუბრეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ბრიფინგზე თქვეს, ენმ-ის მხარდაჭერა საზოგადოებაში და უპირველესად, მათ მხარდამჭერებში, კითხვებს გააჩენს. განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, რა დროსაც ორივე პარტია ერთმანეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებდა.

პარტიის განმარტებით, მიუხედავად დიდი ფუნდამენტური განსხვავებებისა, “ევროპულმა საქართველომ” ჯერ კიდევ 4 თვის წინ საჯაროდ  გამოთქვა მზაობა პროდასავლური ევროპული პარტიისთვის არჩევნებში მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

“გადაწყვეტილება პარტიას მიღებული ჰქონდა 4 თვის წინ, როდესაც ჩვენ  და ნაციონალურმა მოძრაობამ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც 3 პუნქტისგან შედგებოდა და მესამე პუნქტი ეხებოდა სწორედ ურთიერთდახმარებას მეორე ტურში. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალიან დაძაბული და მათ შორის, ბევრი კრიტიკული, შეურაცხმყოფელი ფრაზა ისმოდა სწორედ იქითა მხრიდან.

რაც შეეხება ჩვენს მეტაფორებს და გამონათქვამებს, ეს წინასაარჩვნო პერიოდის ნაწილია და მე არცერთ სიტყვას არ გადავდივარ. ჩემი სიტყვები და შეფასებები ჩემი სიტყვები და შეფასებებია. რა თქმა უნდა, დღესაც ვამბობ იმას, რომ დავით ბაქრაძე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არის ხალხის გადაწყვეტილება და არის პატიოსანი ადამიანების სიტყვა, როდესაც სიტყვას დადებ, ის უნდა შეასრულო”, – ამბობს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, პარტიას კარგად ესმის, რომ ამომრჩეველთან გადაწყვეტილების ახსნა მოუწევს იმიტომ, რომ ბევრისთვის “ევროპული საქართველოს” ეს ნაბიჯი შეიძლება გაუგებარი იყოს.

“ჩვენი უნდა ვფოკუსირდეთ არა განსხვავებაზე, არამედ იმაზე, რაც საერთო გვაქვს და საერთო გვაქვს ერთი ფრაზა – არა სალომე ზურაბიშვილს. ჩვენი განსხვავებები ადგილზეა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არარელევანტურია იმიტომ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა დაგვანახა, რომ არავის აპატიებს თავხედობას, იმ წყევლას, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქვია”, – თქვა უგულავამ.

მისივე მოსაზრებით, არ შეიძლება საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას სალომე ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთების გამო.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში “ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო. მეორე ადგილზე 37,74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გავიდა. იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება, უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

ვინ ვის (არ) დაუჭერს მხარს II ტურში

მასალების გადაბეჭდვის წესი