ახალი ამბები

გოგი ჭიჭინაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის მენეჯერი დაითხოვა

8 მაისი, 2014 • • 1974
გოგი ჭიჭინაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის მენეჯერი დაითხოვა

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხატია ვედმედევა სუსტი მენჯერი იყო და თეატრს ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ჯობს ამ თემაზე “კომპეტენტურმა ადამიანმა” ისაუბროს”:

 

„მას შემდეგ, რაც დაინიშნა, ქალბატონი ხატია ეცადა გაეკეთებინა ყველაფერი ის, რის გამოც ჩემ მიერ იყო წარდგენილი ამ პოზიციაზე, ეს არის ფინანსების მოზიდვა, ეს არის ძალიან ბევრი რამ, რასაც თეატრი ელოდა. მე ვერ დავუკარგავ მას მონდომებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი ვერ გაკეთდა. თეატრის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ პრობლემატურია. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შემეცვალა დირექტორი.“

 

გოგი ჭიჭინაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
გოგი ჭიჭინაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

გოგი ჭიჭნაძე განმარტავს, რომ მან თავად სთხოვა ხატია ვედმედევას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა, თუმცა მედვედევამ ამაზე უარი განაცხადა. იგი ამბობს, რომ ჭიჭინაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთპიროვნულად არის დანიშნული და თანამდებობიდან მასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლა. 

 

„როცა მე მიზეზი ვიკითხე, მიპასუხა, რომ ეს იყო მთავრობის მოთხოვნა. ეს სრული აბსურდია, მთავრობის დამოკიდებულება ჩემ მიმართ ძალიან კარგად ვიცი, ბატონ ოდიშარიასთანაც მქონდა შეხვედრა. ეს იყო გოგი ჭიჭინაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც პირადი კონფლიქტის გამო იქნა მიღებული.“

 

ვედმედევას განმარტებით, კონფლიქტის მიზეზი არის გოგი ჭიჭინაძის მეგობარი, რომელიც ყოველთვიურად იღებს ხელფასს, მაგრამ სამსახურში მხოლოდ 3 დღის განმავლობაში იყო მთელი წლის მანძილზე,

ხატია ვედმედევა, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი მენეჯერი
ხატია ვედმედევა, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი მენეჯერი

ამის გარდა, მისი თქმით, თეატრში იყო მოთხოვნა, რომ შექმნილიყო საბჭო შემოქმედებითი მიმართულებით, რათა სამუშაო პროცესი უფრო აქტიურად ყოფილიყო განსაზღვრული. კონფლიქტის მესამე მიზეზი კი, გოგი ჭიჭინაძის ერთპიროვნულად დანიშვნა გახდა.

 

მას შემდეგ, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდება, ვედმედევა აპირებს სასამართლოს მიმართოს:

 

„მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, არა იმიტომ, რომ თეატრში დაბრუნების პრეტენზია მაქვს, ან ისევ დირექტორობის, არამედ იმიტომ, რომ თეატრი, რომელშიც გავიზარდე, სადაც 28 წელი ჩემი მშობლები მოღვაწეობდნენ, სწორად ფუნქციონირებდეს”.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი