ახალი ამბები

ღარიბაშვილის კიდევ ერთი განკარგულება მაჭახელას ეროვნული პარკის გასხვისებაზე

6 მაისი, 2014 • 2753
ღარიბაშვილის კიდევ ერთი განკარგულება მაჭახელას ეროვნული პარკის გასხვისებაზე

 

მაჭახელას ეროვნული პარკი 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – ბათუმი (საქართველო) – მურათლი (თურქეთი) მშენებლობის არეალში მოხვდა.

 

განკარგულების მიხედვით, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ უფლება მიეცა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან, გარემოდან ამოიღოს საქართველოს `წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეები. ამასთან, ენერგოკომპანიას უფლება აქვს, მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები. ენერგოკომპანია ვალდებულია მოჭრილი მერქანი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადასცეს.

 

განკარგულების მიხედვით, მისი ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში “ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

“ბათუმელები” დაინტერესდა რა ეტაპზეა ამჟამად ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აღმოჩნდა, რომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების ახალი ნებართვა ჯერ არ აქვს, შესაბამისად, არც სამუშაოები არ მიმდინარეობს.

 

„ბათუმი – მურათლის ხაზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, სულ ახლახან შეიცვალა ამ ხაზის მშენებლობის ტექნიკური დეტალები, სად გაივლის ზუსტად, ჯერ დასაზუსტებელია. ძველი ხაზის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ვინაიდან მშენებლობის დეტალები შეიცვალა ახლა მიმდინარეობს ახალზე მუშაობა, რომელსაც წარვადგენთ სამინისტროში,“ _ ამბობს `ბათუმელებთან“ `ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

 

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამა თუ იმ კომპანიის სასარგებლოდ წითელი ნუსხის სახეობების განადგურებაზე გასცემს ნებართვებს. ასე მაგალითად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა პრემიერ-მინისტრმა 27 იანვარს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მისცა.

 

ორი ძირი უთხოვარი, 194 ძირი წაბლი, 196 ძირი კაკალი, 810 ინდივიდი უხრავი, 36 თელადუმა _ ასეთია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი იმ მერქნიანი მცენარეების ნუსხა, რომლის მოჭრის ნებართვას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. გარდა ამისა, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრემიერ-მინისტრმა დამატებითი შეღავათები მისცა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა.

 

განკარგულების მიხედვით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ულიცენზიოდ შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 600 მეტრ კუბი სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა-ხრეშის მოპოვება. ამავე განკარგულების მიხედვით, კომპანიას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 000 მეტრ კუბი სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვებაც ულიცენზიოდ შეეძლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი