ახალი ამბები

ეკლესიის ინტერესები გონიოს ციხეზე

6 მაისი, 2014 • • 5624
ეკლესიის ინტერესები გონიოს ციხეზე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპატრიარქომ გონიოს ციხის ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას. იმავე მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებიც შეგროვდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ანალოგიური მოთხოვნით ცოტა ხნის წინაც მიმართა ხელისუფლებას საპატრიარქომ, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ასეა ჩამოყალიბებული:

 

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განხილული იყო, აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე არსებული მაცხოვრის ერთ-ერთი მოციქულის, მატათას საფლავის სათანადო დაფასება და ამ წმინდა ადგილის კეთილმოწყობა. ნიკა ანთიძის ინიციატივით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოაცხადებს კონკურსს მოციქულის საფლავის მოწყობის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. წმ. მატათას საფლავის კეთილმოწყობისთვის შეიქმნება საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენელთა სპეციალური კომისია, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II უხელმძღვანელებს”.

 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გონიო-აფსაროსის ციხის საკუთრებაზე სამომავლოდ შეიძლება საპატრიარქოს გაუჩნდეს პრეტენზია (საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით)? – ამ კითხვის პასუხად ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ – არა: “საკონსტიტუციო შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ ეკლესიის საკუთრებაა მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები. საფლავი არც ერთია და არც მეორე. შესაბამისად, ეს არის ის გამოვლინება, სადაც სახელმწიფო და ეკლესია კარგად თანამშრომლობს. მატათას საფლავს აქვს სიმბოლური დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. იცით თქვენ, რომ წყაროებში მითითებულია, რომ მატათა დაკრძალულია გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე.

 

ჩვენ გვქონდა პატრიარქთან შეხვედრა და შევთანხმდით იმაზე, რომ მატათას საფლავს სათანადო დაფასება ექნება. სხვა საკითხებზე არც იყო საუბარი და არც დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. არც სხვა ნაგებობა გაჩნდება, არც ეკლესია და არც სხვა რამე”.

 

ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, რომ გონიოს ციხეში ეკლესიის მშენებლობაზე გადაწყვეტილება 5-6 წლის წინაც იყო მიღებული, მაგრამ პროექტი არ განხორციელდა.

 

“მატათას საფლავის სათანადო დაფასებისა და ამ წმინდა ადგილის კეთილმოწყობის” შესახებ ციხის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგებმა პოსტფაქტუმ გაიგეს. მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე მოგვიანებით, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ შეხვდა და განუმარტა, თუ რა იგულისხმებოდა საფლავის კეთილმოწყობაში.

გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე - რომაული და ადრებიზანტიური ხანის მონუმენტური ნაგებობა
გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე – რომაული და ადრებიზანტიური ხანის მონუმენტური ნაგებობა

 

შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, ბათუმის უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც ნიკა ანთიძეს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე “ბათუმელებს” შოთა მამულაძე ესაუბრა, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ:

 

ბატონო შოთა, რის გაკეთებას აპირებს საპატრიარქო გონიოს ციხის ტერიტორიაზე?

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ციხეში არსებული მატათას სიმბოლური საფლავის კეთილმოწყობის მიზნით გამოაცხადებს კონკურსს. ხის მონუმენტი დაიჭერს მხოლოდ და მხოლოდ საფლავის ტერიტორიაზე 4-დან 6 კვადრატულ მეტრამდე ფართობს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, – მეტი არსად. ხის კონსტრუქციისგან გაკეთდება სიმბოლური ნაგებობა.

 

ეკლესიის მშენებლობის საკითხი აღარ განიხილება?

 

ციხის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ ვერც ერთ კვადრატულ მეტრს, რომ მიწის სიღრმეში რომელიმე ეპოქის, ვთქვათ – რომაული, ბიზანტიური ან ოსმალური პერიოდის ნაგებობათა ნაშთები არ იყოს. რომაულ პერიოდში ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-დან 1500 კაცი იდგა. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ 1500 კაცს ეცხოვრა, ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებს. ამ ნაშთებზე, ეკლესიის თუ სხვა ტიპის ნაგებობის დაშენება, იქნება არსებული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურება-მოსპობა, ამიტომ გამორიცხულია შიდა ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობა.

 

გონიოს ციხეში გათხრები მიმდინარეობს 1995 წლიდან და დაახლოებით 26 ათასი ექსპონატი თუ არქიტექტურული დეტალი ვიპოვეთ. ამ ნივთებისთვის საჭიროა მუზეუმი, მაგრამ მუზეუმის შენობის აშენებაც კი არ შეიძლება ციხის შიგნით. თუ აშენდება ოდესმე, უნდა აშენდეს გარეთ, სადაც გამოვფენთ ამ მასალებს. ასე რომ, ამა თუ იმ არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობას ვერ შევწირავთ 2000 და უფრო მეტი წლის კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც შესანიშნავად ასახავს ჩვენი რეგიონის ისტორიას; არამარტო რეგიონის ისტორიას, არამედ რეგიონის გარე სამყაროსთან ურთიერთობის ისტორიასაც.

 

იდეა – გონიოს ციხის ტერიტორიაზე აშენდეს ეკლესია, ვის ეკუთვნის?

 

ეკლესიამ გადაწყვიტა. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე საკმაოდ ადრე დაიწყო საუბარი, 8 წლის წინ, მაგრამ მაშინაც ვერ გამოინახა საერთო ენა. რამდენადაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან ვიცი, ამ ეტაპზე ციხის შიდა ტერიტორიაზე ეკლესიის
მშენებლობის წინააღმდეგია თვით პატრიარქიც. როგორც ჩანს, ეს საკითხი გასაგები გახდა ყველასთვის. ვინ დაანგრევს ამ კულტურულ მემკვიდრეობას, მნიშვნელობა არ აქვს. ამ ძეგლის გადარჩენა ჩემი პირადი საქმე არ არის, ეს ქვეყნის, ერის და ბერის საქმეა.

 

4-6 კვადრატული მეტრი კონსტრუქციის აშენება მატათას სიმბოლურ საფლავზე რამდენად აუცილებელი იყო?

 

მე რა ვქნა, ეკლესიამ ასე გადაწყვიტა. ჩვენ არ მივეცით იმის საშუალება, რომ მიწის სიღრმეში იმუშაონ და არსებული კულტურული ფენები დაზიანდეს. კონსტრუქცია აღიმართება ზემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიწის სიღრმეში ჩასვლა, გათხრა და ასეთი პროცესი გამორიცხულია. გონიოში უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვთ ზოგიერთს, – ამ ობელისკის აშენება, შემდეგ ეკლესიის აშენება და შემდეგ… კონკორდატის მიხედვით, როგორც ვიცით, ეკლესია იქნება ციხის შიგნით, მაშინ მთელი ტერიტორია ეკლესიის საკუთრება გახდება. ალბათ ამას ფიქრობს ზოგიერთი, მაგრამ გონიოს ციხე არავის საკუთრება არ არის, ეს არის ქვეყნის საკუთრება. ჩემი მოვალეობა ამ ეტაპზე ისაა, რომ როგორმე გადავარჩინოთ ძეგლი – გონიოში არსებული კულტურული მემკვიდრეობა.

 

თქვენ დიდი ხანია მუშაობთ ძეგლზე. გათხრებიდან, იმ წყაროებიდან გამომდინარე, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, თქვენი ვერსიით, მატათა მოციქულის საფლავი არსებობს თუ არა გონიოში?

 

არსებობს სხვადასხვა ვერსია. წყაროების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ მატათა დაკრძალულია იერუსალიმში, აღწერილია მისი წამების, შენობიდან გადმოგდების, გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბები იერუსალიმში. ეს ერთი ვერსიაა. მეორე ვერსიაა – გერმანიაში, არსებობს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ჩრდილოეთსა და სევასტოპოლში დაკრძალვის ვერსიაც. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით კი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და რომელიც მე-8 საუკუნის ავტორთან სტეფანე ბიზანტიელთან არის დაცული, რომელიც თავის წყაროდ მე-4 საუკუნის ავტორს სტეფანე კვიპროსელს ასახელებს, მატათა ქადაგებდა ქრისტიანობას მეორე კოლხეთში, (შემდეგში აფსაროსი), გარდაიცვალა და დაკრძალეს იქვე.

 

ქრონოლოგიური თვალსაზრისით მატათა გაცილებით ადრე მოღვაწეობდა, ვიდრე გონიოს ციხე აშენდებოდა. ციხე აშენებულია პირველი საუკუნის ბოლოს, მატათა მოღვაწეობდა უფრო ადრეულ პერიოდში, ეს ერთი. მეორე – ციხეში რეალურად იდგნენ წარმართი რომაელები (პირველ საუკუნეში რომში ჯერ კიდევ წარმართობა, მრავალღმერთიანობაა), ანუ მატათას გარდაცვალების დროს ციხე რომც არსებულიყო, წარმართი რომაელები ქრისტიანობის მქადაგებელს რატომ დამარხავდნენ თავიანთ ციხეში, ანუ იქ, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ. შესწავლისა და დისკუსიის საქმეა, სიმბოლიზებულია თუ რეალურია მატათას საფლავის არსებობა გონიოში. მეცნიერების დიდი ნაწილი მხარს უჭერს იმ ვერსიას, რომ მატათა იერუსალიმშია დაკრძალული.

 

რაზე შეთანხმდით ნიკოლოზ ანთიძესთან, როცა ის აქ იყო ჩამოსული?

 

ერთად დავათვალიერეთ ტერიტორია და შევთანხმდით ბოლო ვარიანტზე. ოთხი ან 6 კვადრატულ მეტრზე გამოცხადდება კონკურსი. ეკლესიის სურვილი იყო უფრო დიდი ზომის მშენებლობაზე, მაგრამ შევთანხმდით – მხოლოდ ხის კონსტრუქციის ჩადგმაზე.

 

ამ სამუშაოების ჩატარებაზე თქვენთან რაიმე ხელშეკრულება ფორმდება, ანუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს იქნება ერთჯერადი აქცია და შემდეგში სხვა პრეტენზიები არ გაჩნდება?

 

არაფერი არ გაგვიფორმებია დოკუმენტურად, ეს არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და ზემოდან მომავალი იდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი