ახალი ამბები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

28 ოქტომბერი, 2018 • 1203
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% (558 755 ამომრჩეველი) შეადგინა.

ყველაზე მაღალი აქტივობა – 27,4% – ამბროლაურში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 12% – ყაზბეგში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის აქტივობა მცირედით ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო. 12:00 საათის მონაცემებით, აქტივობა საქართველოს მასშტაბით 16,5% იყო.

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე 12:00 საათის მდგომარეობით არსებული ამომრჩეველთა აქტივობა ასევე უფრო დაბალია, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო. მაშინ  12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,15%-ს შეადგენდა.

ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

 

საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ.

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ცესკო-ს ინფორმაციით, სულ გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 – საზღვარგარეთ, 11 კი- გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც  კენჭისყრა უკვე ჩატარდა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად- საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი