ახალი ამბები

საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ხარვეზები – ცესკო-ს განმარტება

28 ოქტომბერი, 2018 • 2086
საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ხარვეზები – ცესკო-ს განმარტება

ცესკო-ს პრესსპიკერ ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხარვეზები, კერძოდ,

  • ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. (პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერში 51 წაშლილია 1-იანი, შესაბამისად, ბიულეტენში ორი 5 ნომერი ფიქსირდება) ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;
  • მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;
  • დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული.  ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს;
  • ცესკოში ასევე შევიდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის #49-ე უბანზე დამკვირვებელი ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  კომისიის საქმიანობაში ერეოდნენ.  კომისიამ საარჩევნო უბანი ორივე მათგანს დაატოვებინა.

“ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების წესის შესახებ და ფოტოვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისი წესით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით,  უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ-ჩათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი