ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი – ცესკო

28 ოქტომბერი, 2018 • 1159
საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დროულად, 08:00 საათზე გაიხსნა.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. საარჩევნო უბნები დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

მიქელაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. რაც შეეხებს ამომრჩევლის ბარათს, მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო უბანზე მისი თან არქონა ხმის მიცემის უფლების დაკარგვას არ იწვევს.

ცესკო-ს ინფორმაციით, გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 – საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც  კენჭისყრა უკვე ჩატარდა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 -საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად= საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიაორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედიაორგანიზაციაა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი