ახალი ამბები

მოკლული ჟურნალისტი ხაშოკჯის საცოლე უარს ამბობს ტრამპთან ვიზიტზე

27 ოქტომბერი, 2018 • 1447
მოკლული ჟურნალისტი ხაშოკჯის საცოლე უარს ამბობს ტრამპთან ვიზიტზე

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის საცოლე, ჰათიჯე ჯენგიზი აცხადებს, რომ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევაზე თეთრ სახლში. იგი პრეზიდენტს მისი საქმროს მკვლელობის საქმის გამოძიებაზე საუბრისას არაგულწრფელობაში სდებს ბრალს.

იგი ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მიწვევას, თუკი თეთრი სახლის ადმინისტრაცია ქმედით ნაბიჯებს გადადგმას ხაშოკჯის საქმესთან დაკავშირებით.

ხაშოკჯი სამი კვირის წინ მოკლეს საუდის არაბეთის საკონსულოში. ოფიციალური რიადი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახი მის მკვლელობაში გარეული არ ყოფილა და იგი “თვითნებურად მოქმედმა აგენტებმა” მოკლეს.

თავდაპირველად საუდის არაბეთში აცხადებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ჟურნალისტის შესახებ, ამბობდნენ, რომ მან საკონსულო დატოვა, შემდეგ თქვეს, რომ ჩხუბში მოკლეს, თუმცა ახლა ამ საქმეს წინასწარ განზახული მკვლელობის მუხლით იძიებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა საუდის არაბეთის ახსნა-განმარტებით. როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთისთვის სანქციების დაკისრების იდეა წამოაყენა, ტრამპმა ორი ქვეყნის შორის კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან თავდაპირველად თქვა, რომ შესაძლებელია, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა არაფერი იცოდა მკვლელობის შესახებ. ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა პრინცის მონათხრობის, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ სურვილი აქვს, რომ სჯეროდეს.

როგორც ხაშოკჯის საცოლე აცხადებს, “განცხადებები, რაც მან მოწვევიდან ახლო დღეებში და მოგვიანებით გააკეთა, ერთმანეთს ეწინააღმდეგება”. ჯენგიზის აზრის, ამ განცხადებების მიზანი იყო ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება.


როგორც საუდის არაბეთი აცხადებს, მომხდარის გამო 5 ოფიციალური პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქვეყნის 18 მოქალაქე დააკავეს. თანამდებობიდან მოხსნილთა შორის არიან ქვეყნის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის მრჩეველი და სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს. იგი Washington Post-ის მესვეტე და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამად ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დაღუპული ჟურნალისტის საქმეზე სრულიად განსხვავებულია თურქული მხარის ვერსია – ანკარა ირწმუნება, რომ ხაშოკჯი მოკლეს, ოპერაციაში მონაწილეობა კი საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასულმა 15 ადამიანისაგან  შემდგარმა ჯგუფმა მიიღო.  თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი საუდის არაბეთის თავდაცვის უწყების თანამშრომლები არიან, ნაწილს კი უშუალო კავშირები აქვს მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანთან.

ანკარა ასევე აცხადებს, რომ მკვლელობის შემდეგ, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და თურქეთის ხელისუფლებას ამ ფაქტის დასადასტურებლად აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი