ახალი ამბები

ზაზა სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მისი მკურნალობა

27 ოქტომბერი, 2018 •
ზაზა სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მისი მკურნალობა

ზაზა სარალიძე, რომელიც 26 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა, ამ დრომდე (27 ოქტომბერი, 12:00) საავადმყოფოში რჩება.

როგორც “ნეტგაზეთს” ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს, სარალიძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გუშინ საღამოს კლინიკაში გვითხრეს, რომ მას ჰიპერგლიკემიის დიაგნოზი ჰქონდა.

ამჟამად, კლინიკის ცნობით, გლიკემიის ციფრები ნორმალიზებულია და მკურნალობა გრძელდება.

სარალიძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

რატომ დააკავეს სარალიძე და რას ედავებიან მას?

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, სარალიძე გუშინ, შუადღისას, პარლამენტის შენობასთან დააკავეს.

დაკავებამდე მას პოლიციამ კარვის გაშლაში შეუშალა ხელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. სარალიძესთან ერთად დააკავეს მისი თანხმლები ორი პირი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

გუშინ, დღის ბოლოს, სარალიძის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიციამ ისევ არ მისცა კარვის გაშლის უფლება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ძალადობის ესკალაცია შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია.

ძალადობის ესკალაცია შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია – NGO-ები სარალიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი