წლის დასაწყისში დაწყებული დისკუსია საქართველოში უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხის შესახებ დღესდღეობით საგრძნობლად შენელდა. საინტერესოა განვსაზღვროთ, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს საქართველოსთან დაკავშირებით გერმანიაში, ქვეყანაში, რომელმაც პირველმა გაახმიანა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამოქმედების საფრთხე და რა გახდა მიზეზი აღნიშნული დისკუსიის დღის წესრიგიდან ამოღებაზე.
თუკი საქართველოს მიმართ გერმანიის საშინაო პოლიტიკურ ამინდს განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლისადმი- როგორც ამოქმედებამდე, ისევე ამოქმედების შემდეგ- განსაკუთრებით კრიტიკული პოზიცია ცალკეულ გერმანელ პოლიტიკოსებს ჰქონდათ. აღნიშნული პრობლემა პირველ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების თარიღის გადაწევის, მეორე შემთხვევაში კი, საქართველოსთვის უვიზო მიმისვლის შეჩერებაზე დისკუსიის დაწყების საფუძველი გახდა.
უვიზო მიმოსვლის შუქ-ჩრდილები
2018 წელს საქართველოს საკითხის წინ წამოწევა ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ რეალურად არსებულ გამოწვევებზე (შიში საზოგადოებაში, პოპულისტური ჯგუფების გაძლიერება, მხარდამჭერების დაკარგვა, პოლიტიკის მიერ ერთიანი კონცეფციის არქონა, გადატვირთული თავშესაფრები და ა.შ.) რეაგირებას წარმოადგენდა. ამავდროულად ფაქტია, რომ ორგანიზებული კრიმინალი ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლას და ასეულობით მილიონი ევროს ოდენობის ზარალს აყენებს გერმანიას (ძირითადად ბინების და სავაჭრო ობიექტების ქურდობით).
აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობა 2012 წლიდან შესამჩნევად იზრდება:
ცხრილი 1: გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ გაკეთებული და გერმანიის მიერ უარყოფილი განაცხადების სტატისტიკა 1992-2017 წლებში
მიუხედავად ამისა, უვიზო მიმოსვლის საკითხზე დისკუსიას ორივე შემთხვევაში იმპულსური ხასიათი ჰქონდა და ის სტატისტიკურ მონაცემებზე მეტად შიდაპოლიტიკური ბრძოლით იყო გამოწვეული.
მიუხედავად ყველაფრისა ფაქტია, რომ განსაკუთრებით 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აპრილამდე ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ასევე, შედარებით მაღალია ქართველ ეჭვმიტანილთა რაოდენობა გერმანიაში ქართველების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით. 2017 წელს ქართველები გერმანიაში უცხოელ ეჭვმიტანილთა საერთო რაოდენობის (736.265) მხოლოდ 1,04%-ს შეადგენდნენ (7671) და პირველი ოცდახუთეულის ბოლო ადგილს იკავებდნენ. ოფიციალურად, გერმანიაში დაახლოებით 24.000 ქართველი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველების 32%-ს კანონთან პრობლემები აქვს (აქვე უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა არალეგალური მიგრაციის გამო გაცილებით მაღალია).
სტატისტიკური მონაცემები
ისევე როგორც 2016 წელს, 2018 წლის თებერვალში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ფართო გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ მედიასაშუალებებში. აღნიშნულმა დისკუსიამ საქართველოზეც მოახდინა გავლენა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაიზარდა. ზეწოლა გამოხატული იყო 2018 წლის დასაწყისში საზოგადოების ინტერესით და ქართული მედიასაშუალებების აქტიურობით.
ქართულმა მედიასივრცემ გერმანიაში დაწყებული დისკუსია დიდი ინტერესით გააშუქა. აღნიშნულ პროცესებს ქართული მხარის, მართალია, დაგვიანებული, მაგრამ ეფექტური რეაგირება მოჰყვა, რაც ევროკავშირთან და გერმანიასთან კომუნიკაციის გაძლიერებით გამოიხატა. გარდა ამისა გამკაცრდა კანონმდებლობა გვარის შეცვლის შესახებ და გაძლიერდა საინფორმაციო კამპანია ქვეყნის შიგნით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ გერმანიამ საბუთების წესრიგში არქონის გამო ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და ასევე საქართველოს ათეულობით მოქალაქე ვიზალიბერალიზაციის ნორმების დარღვევის გამო სპეციალური რეისებით დააბრუნეს საქართველოში (რამდენიმე შემთხვევაში ევროკავშირის სხვა წევრებთან თანამშრომლობის ფარგლებში). აღნიშნული პროცესები 2018 წლის მარტიდან ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებაზე აისახა:
ცხრილი 3. ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გერმანიაში 2018 წელს (ე.წ. პირველადი განაცხადების მიხედვით)
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების პარალელურად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გაქრა გერმანელი პოლიტიკოსების და მედიასაშუალებების დღის წესრიგიდან. თუმცა გერმანიაში მიგრანტთა შედინების შემცირების ფონზე 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედიოდა, საიდანაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. 2018 წლის მანძილზე სექტემბერი პირველი თვეა, როცა საქართველო აღნიშნულ ათეულში არ მოხვდა.
ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანიის გარდა, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეზე საუბარი ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც შეიძლება გაჩნდეს, თუკი ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზრდება. მაგალითისთვის გამოდგება საფრანგეთი, სადაც საქართველო ალბანეთთან და ავღანეთთან ერთად თავშესაფრის მთხოვნელთა პირველ სამეულში შედის.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, გერმანია გეგმავს საქართველოს მიანიჭოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რაც განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვას და თავშესაფრის მაძიებელთა სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას ნიშნავს. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ქართული მხარე დიდი ხანია ითხოვს. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ფაქტიურად აღარ ექნებათ ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი, რომელიც ამჟამად ძალიან დაბალია და 2%-ს არ აღემატება.
დასკვნა
ტექსტში მოყვანილი დინამიკის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღესდღეობით გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამოქმედების დისკუსია აღარ მიმდინარეობს, თუმცა შიდაპოლიტიკური ცვლილებების გამო (განსაკუთრებით კონსერვატიული პარტიების მარჯვნივ გადახრა) დიდი შანსია მოხდეს ნებისმიერი საკითხის ინსტრუმენტალიზება, რომელსაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები დაკარგული ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამოიყენებს. კიდევ ერთი დისკუსია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს იმიჯს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის გამოფენის წარმატების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად ამაღლდა გერმანიაში.
უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება მრავალშრიანი პრობლემაა, რომელსაც, ბუნებრივია, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ გადაჭრის. საჭიროა გერმანიის სამუშაო ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმების უფლებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გაძლიერდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „დიდი კოალიცია“ საიმიგრაციო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობს. ეს ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად კვალიფიციური კადრების მიზიდვას ითვალისწინებს. კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება იმ სფეროებზე, რომლებშიც გერმანიას სასწრაფოდ ესაჭიროება ადამიანური რესურსი (სამედიცინო და მომსახურების სფერო, IT სფერო, გასტრონომია, ა.შ). ზოგადად კი, აუცილებელია ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთოს გერმანია, როგორც ქართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი.
სტატიის ავტორი მიხეილ სარჯველაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) აფილირებული ანალიტიკოსი. იგი კიოლნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დოქტორანტი და კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატია.