ახალი ამბები

სად წავალ, ივანიშვილის საქმე არ არის – ეკა გიგაური

26 ოქტომბერი, 2018 • 1793
სად წავალ, ივანიშვილის საქმე არ არის – ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ ბრალდებებს ეხმაურება.

გიგაური ივანიშვილს ურჩევს, არასამთავრობო სექტორის მიმართ მსგავს დამოკიდებულებას თავი დაანებოს, რადგან ეს აზიანებს ქვეყანას.

“ივანიშვილის ინტერვიუებს, როგორც წესი, არ ვუსმენ. ნაკლებად მაინტერესებს მისი მოსაზრება ჩემთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ კვლავ მახსენა, სასამართლოზე არ დადისო და 7 ნოემბერი მისი დარბეულიაო. მოკლედ, იჭორავა”, – წერს გიგაური Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

გიგაური ამბობს, რომ სასამართლოში იჩივლა ივანიშვილის მიერ მართული პირების წინააღმდეგ და მათ კომპენსაციის სახით 30 თეთრსა და ბრალდებების უარყოფას სთხოვს.

“ჩემი ადვოკატის მეშვეობით არასოდეს გამიცდენია სასამართლოს პროცესი, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სტრასბურშიც რომ დამჭირდეს საჩივრის შეტანა. ამ სასამართლო პროცესზე მე თავის სამართლებელი არაფერი მაქვს. თავი უნდა იმართლონ ცილისმწამებლებმა. მოკლედ, სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი, ეს ივანიშვილის საქმე არ არის და არც არასოდეს იქნება. ვურჩევდი, რომ მსგავს რიტორიკას შეეშვას, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ, პირველ რიგში, ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. უკვე ყველაფერი ნათელია, ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა და ახლა ზუსტად ვიცი, ჩემზე თავდასხმების უკან ვინც დგას”, – აცხადებს გიგაური.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეკა გიგაური ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს და ის უნდა დატოვოს. დღევანდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დაშლაში ეკა გიგაურის როლზე და აღნიშნა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ლიდერი 3 წელია არ ცხადდება სასამართლოში, სადაც სარჩელი თავადვე შეიტანა.

ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორი უნდა დატოვოს – ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი