ახალი ამბები

ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება დევნილებისთვის

3 მაისი, 2014 • • 1014
ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება დევნილებისთვის

2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მიაწოდა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება.


პრემიერის განმარტებით, დევნილებზე ზრუნვა მათი გრძელვადიანი განსახლებით იწყება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ დევნილები ქართული სახელმწიფოს შენების საქმეში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ზესტაფონში დევნილებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ზესტაფონში დევნილებს შეხვდა

„ჩემთვის ყოველთვის ემოციური და  საპასუხისმგებლოა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა. დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. სამწუხაროდ, ორი ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში დევნილთა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი დგას. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. დევნილების ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებთნ შეხვედრისას.


პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში იგეგმება უპრეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 25  თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. შედეგად ბინით დაკმაყოფილდება 8 ათასი დევნილი. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან.


ირაკლი ღარიბაშვილმა იქვე მცხოვრები კარინა კალანდაძის ოჯახი მოინახულა  და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. 


ზესტაფონში დევნილებს ორი რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. რუსთაველის #6 და უზნაძის #142-ში მდებარე ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთაგან 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. დღევანდელი მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში დევნილებს 9 რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. ბინებით რეგიონში 1672 დევნილი დაკმაყოფილდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი