ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილს ეჭვი აქვს, რომ დაუდგენელი პირები მის გატაცებას ცდილობდნენ

25 ოქტომბერი, 2018 • 2722
თამაზ ელიზბარაშვილს ეჭვი აქვს, რომ დაუდგენელი პირები მის გატაცებას ცდილობდნენ

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ გუშინ, 24 ოქტომბერს მას დაუდგენელი პირები დაედევნენ. ელიზბარაშვილს ეჭვი აქვს, რომ პირები, რომლებიც მისი თქმით თბილისში, რამდენიმე ადგილზე უთვალთვალებდნენ, მის გატაცებას ან დასჯას აპირებდნენ.

ბიზნესმენის თქმით, ორი ახალგაზრდა კაცი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდებოდა და მათ ელიზბარაშვილის მარშრუტი წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი:

“სანამ მე ჩავიდოდი სვანეთის ქუჩაზე ჩემს სახლთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიდის, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ეს მანქანა დაახლოებით ღამის  12-ზე.  უკაცრიელი ადგილია, არავინ ცხოვრობს. როცა ჩავდივარ, არავინ არ არის ხოლმე, მარტო ძაღლები და ჩემი სახლია.  ეს მანქანა   ძაღლების ვოლიერებთან გაჩერდა და ეტყობა იქ მელოდებოდა.  მერე ამობრუნდა და თამარაშვილის ქუჩაზე, როცა ქუჩის ძაღლებს ვაჭმევდი,  გააჩერა მანქანა, გადმოვიდა ერთი ახალგაზრდა, ჩემი მიმართულებით წამოვიდა და მითვალთვალებდა”, – ამბობს ელიზბარაშვილი.

მისი თქმით, უცნობი პირი თავად არ შეუნიშნავს მანამ, სანამ ნაცნობმა არ დაურეკა და არ შეატყობინა:

“ამ დროს მე უკვე ვიყავი სვანიძის ქუჩაზე, დავჯექი ეგრევე მანქანაზე, წამოვედი, ამოვედი თუ არა თამარაშვილის ქუჩაზე, ჩემი რესტორნის ავტოსადგომზე იდგა ეს მანქანა და ეგრევე გამომყვა უკან. მე დრო ვიხელთე, დავრეკე საპატრულო პოლიციაში, ნომერი გადავეცი, შემოვატრიალე მანქანა და პირისპირ დავდექი. დაიძრნენ, მიხვდნენ, რაღაცაში იყო საქმე, გაიქცნენ ჭავჭავაძის მანქანის მიმართულებით. დავედევნე, შუქნიშანზე გაჩერდნენ წითელზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან. ჩავწიე მინა მანქანის და რა გინდათ, ვინ ხართ-მეთქი, ვკითხე. ორი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა წინ, უკან ჩამუქებული შუშები იყო. აწიეს შუშა, არ გამცეს პასუხი და გააგრძელეს დიდი სისწრაფით გზა. პარალელურად კიდევ ერთხელ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”, – იხსენებს ბიზნესმენი.

ელიზბარაშვილის თქმით, მანქანისა და ამ პირების წარმომავლობის დადგენას თავად შეეცადა და ფიქრობს, რომ აღნიშნული პირები კრიმინალები არიან. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ მისი გატაცება თანხის გამოძალვის მიზნით სურდათ, თუმცა არც სხვა ვერსიას გამორიცხავს:

“ესენი აშკარად კრიმინალები იყვნენ. არაა გამორიცხული, ჩემი დასჯა უნდოდათ.  სამი თვის წინ განცხადება გავაკეთე სოციალურ ქსელში ქურდებთან დაკავშირებით, რომ ისინი მშიშრები და ლაჩრები არიან. ამის შემდეგ ჩემს ტელეფონზე მესიჯი მოვიდა ვითომ ერთ-ერთი ე.წ.კანონიერი ქურდისგან, რომელსაც სახელი არ დაუკონკრეტებია. მივმართე პოლიციას, გამოძიება დაიწყო ამ ფაქტზე, მაგრამ არ დაუდგენიათ. არადა, მესიჯებით მემუქრებოდა, სახალხოდ უნდა დაგსაჯო და შენი მოჭრილი თავი მთელ საქართველოს უნდა ვაჩვენოთო”, – იხსენებს ბიზნესმენი.

“ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარს უწყება 151 პრიმა მუხლით იძიებს, რომელიც ადევნებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი