ახალი ამბები

ვიდეო ▶ TI წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლო ფაქტებს აქვეყნებს

25 ოქტომბერი, 2018 •
ვიდეო ▶ TI წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლო ფაქტებს აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვირვებით,,საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით 2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე.

TI-ის კვლევით, განსაკუთრებით პრობლემურია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, წინა არჩევნების მსგავსად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით:

“რამდენიმე შემთხვევაში კვლავ წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ. ეს პროგნოზები მოგვიანებით მეტწილად გამართლდა. ასევე, მედიით გავრცელდა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის შემთხვევაში, დასტურდება პროფესიული ნიშნით კომისიების წევრების შერჩევაში მმართველი პარტიის აქტიური მონაწილეობა და მათზე გავლენა.”

ორგანიზაციის განცხადებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტებს თითქმის არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრებზე ხშირად გვხვდებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მიერ კონტრაგიტაციის შემთხვევები და მაღალი იყო ფიზიკური კონფრონტაციის ალბათობა. კვლევის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში დაფიქსირდა ერთი ძალადობრივი ინციდენტი, როდესაც ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების” წევრები იმისთვის, რომ მან სოციალური ქსელების მეშვეობით პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გალანძღა.

კვლევაში აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნილად გამოცხადების გზით. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევათა მთელი სერია. როგორც TI-ში აცხადებენ, ეს ჩანაწერები ეხებოდა ქვეყანაში ბიზნესის სავარაუდო დატერორებას, გავლენიან არაფორმალურ დაჯგუფებებს, ელიტურ კორუფციას და გამოუძიებელი საქმეების გარშემო სხვადასხვა უკანონო ქმედებებს:

“როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩანაწერების გადაფარვის მიზნით საქართველოს პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანა ძველი საქმეების გახსნილად გამოცხადებით სცადა. შესაძლოა, ამავე მიზანს ისახავდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ მან დეტალურად იცის, ვინ გეგმავდა და გეგმავს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პროვოკაციას. გახარიას ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც ის არის საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოძიება არის თუ არა დაწყებული.”

საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ტენდენცია ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებული ღია თავდასხმები იყო, რომელთა ძირითადი მიზეზი ამ ორგანიზაციების საარჩევნოდ დისკრედიტირება შეიძლება ყოფილიყო. მათ შორის, ორგანიზაცია აღნიშნავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და ამავე დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის არაკონსტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს დამკვირვებელი ორგანიზაციების მისამართით, რის შედეგადაც სამმა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ასევე, როგორც TI აცხადებს, ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები, რომელმაც წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ფაქტობრივად, ფაშისტებთან გაათანაბრა.

არასამთავვრობო ორგანიზაციის კვლევით, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, როგორც TI აცხადებს, კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, ჩვენი აზრით, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილები შეგნებულად იყო მიკერძოებული.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

TI-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ რამდენიმე სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევას ჰქონდა ადგილი:

“მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება. ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს კვლავ არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.”

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2017 წლის შემდეგ საარჩევნო კომისიები ახლი წესით დაკომპლექტდა. TI-ის განცხადებით, ეს წესი ცალსახად მმართველ პარტიაზე არის მორგებული და საარჩევნო კომისიებში მის დომინირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს: “ვინაიდან ამ წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია პირველი, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს მისი მუშაობის შედეგები.”

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაციები. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, TI-ის ცნობით, ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური ტენდენცია არ ყოფილა.

TI-რეკომენდაციები

[checklist]

  • სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და დისკრედიტირების მცდელობისგან;
  • საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის დაწყება. იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობითა და არსებული მანდატით კომისია არაეფექტიანად მუშაობს;
  • საჭიროა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან და პატივი სცენ მათ შრომით უფლებებს. ასევე, თანამშრომელთა აგიტაციაში ჩაბმით არ შეაფერხონ მუნიციპალური ორგანოების ფუნქციონირება;
  • საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებები კანონის ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს;
  • საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებისგან და არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;
  • საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი