რამდენიმე კვირის წინ ინოვაციური ცენტრის პროექტების ფარგლებში დაარსებული პრემიერ-მინისტრის “განათლების საერთაშორისო ცენტრი“ სახელწიფო ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრებით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა; საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერების და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევა და საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა.
ცენტრი გეგმავს უკვე მიმდინარე წელს დაახლოებით 70-100 სტუდენტი შეარჩიოს და მსოფლიოს 100 სხვადასხვა უნივერსიტეტში მათი სწავლა სრულად დააფინანსოს. როგორც ირკვევა, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებსაც აძლევს.
როგორც დღეს, 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო კობახიძემ განაცხადა, “ცენტრი უცხო ქვეყნის ავტორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან მემორანდუმების გაფორმების გზით გეგმავს მოიპოვოს ფასდაკლებები სწავლის საფასურთან დაკავშირებით.”

ამასთან, სახელმიფო პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს ასახელებს: სამართალი; აგრარული მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; განათლება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები; ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია; სოციალური მეცნიერებები; თავდაცვა და უსაფრთხოება; ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები და ბიზნესის ადმინისტრირება.
კომისია, რომელიც კონკურსანტებს შეარჩევს, ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით რამდენიმე მინისტრის მოადგილით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ამა თუ იმ დარგის [გააჩნია, რომელ ფაკულტეტზე შესარჩევი კომისიის წევრები იქნება] წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად მსურველებს რეგისტრაცია და სააპლიკაციო ფორმის შევსება 1 მაისიდან 1 ივნისამდე შეუძლიათ. ღია კარის დღე კი თბილისში, ექსპო ჯორჯიაში 15 მაისს გაიმართება.







