აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მხარდაჭერას.
რადიო “თავისუფლების” თანახმად, ბოლტონმა 24 ოქტომბერს ბაქოში განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვს და მათთან, სხვა საკითხებთან ერთად, ყარაბაღის კონფლიქტიც განიხილა.
აზერბაიჯანი ყარაბაღს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა 1988-1994 წლების კონფლიქტის შემდეგ ტერიტორიას ნაგორნო-ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს, სომხეთის პროტექციის ქვეშ.
კონფლიქტს 30 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით 1992 წლიდან შექმნილია ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც ცდილობს, დიპლომატიურად მოაგვაროს კონფლიქტი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.
მოსკოვში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ბოლტონი ბაქოს ეწვია. ალიევთან მისი საუბრის თემებს შორის იყო ირანის ბირთვული ამბიციები, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი, რომლითაც უნდა შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთის გაზზე და ა.შ.
ბოლტონი სომხეთს 25 ოქტომბერს ეწვევა და კონფლიქტის შესახებ სომხეთის ლიდერებთან ისაუბრებს. ბოლტონის ვიზიტი იგეგმება საქართველოშიც.