ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

24 ოქტომბერი, 2018 •
სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა დღეს, 24 ოქტომბერს, კენჭი უყარა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და ხმათა უმრავლესობით არ აირჩია.

პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაში თავადაც აცხადებდა, რომ დღენვადელი კენჭისყრა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და არ სურს, რომ დეპუტატებმა აირჩიონ.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდეს, პარლამენტმა ორჯერ ვერ უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანს არ სურდა, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისთვის მხარი დაეჭირა, იმ მიზნით, რომ საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში შედგეს.

ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, 16 ოქტომბერს გადადგა. გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და  არსებული კანონმდებლობაა.  გადადგომის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ ფაშინიანი პრემიერის რანგში დაბრუნებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი