ახალი ამბები

ტრამპის თქმით, ხაშოკჯის მკვლელობაში, შესაძლოა, საუდის არაბეთის პრინცი იყოს გარეული

24 ოქტომბერი, 2018 •
ტრამპის თქმით, ხაშოკჯის მკვლელობაში, შესაძლოა, საუდის არაბეთის პრინცი იყოს გარეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობის ოპერაციაში, შესაძლოა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ყოფილიყო ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

Wall Street Journal-თან კომენტირებისას ტრამპს ჰკითხეს, შესაძლო იყო თუ არა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეც ყოფილიყო ჩართული. ტრამპს ეჭვი აქვს, რომ რადგან ტახტის მემკვიდრე ყველაფრის საქმის კურსშია, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ მკვლელობასთან.

ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტის თქმით, პრინც მუჰამედს პირადად დაუსვა კითხვები ხაშოკჯის მკვლელობსთან დაკავშირებით:

“ჩემი პირველი შეკითხვა მასთან იყო, იცოდა თუ არა რამე ოპერაციის დაგეგმვის საწყის ეტაპზე. მან კი მიპასუხა, რომ არაფერი იცოდა და ეს “ქვედა დონეზე” დაიწყო.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, სჯერა თუ არა პრინცის მონათხრობის, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ სურვილი აქვს, რომ სჯეროდეს.

პარალელურად, აშშ-ის საელმწიფო მდივანი მაიკ პომეო იმ სანქციებზე ლაპარაკობს, რომელსაც ამერიკა დააკისრებს საუდის არაბეთს. ამ ღონისძიებების ფარგლებში აშშ-მა ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ ვიზები შეუჩერა საუდის არაბეთის 21 მოქალაქეს. როგორც უცხოური მედია წერს, ხაშოკჯის მკვლელობამ, შესაძლოა, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

მაიკ პომპეოს თქმით, ეს სანქციები ბოლო სიტყვა არაა და ამერიკა არ შეეგუება ისეთ ძალადობრივ ქმედებებს, როგორიც ჟურნალისტის მკვლელობა იყო.

საუდის არაბეთი ტახტის მემკვიდრე კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს, თუმცა ჟურნალისტის მკვლელობას აღიარებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ ჯუბიერმა “ფოქს ნიუსს” უთხრა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა “უზარმაზარი შეცდომა იყო”. რაც შეეხება ქვეყნის პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის მონაწილეობას ხაშოკჯის მკვლელობაში, მინისტრი ამ ინფორმაციას უარყოფს.

“გვსურს გამოვიკვლიოთ დეტალები და დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც მის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებელნი”, – ამბობს ადელ ალ ჯუბიერი.

მანამდე საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჟურნალისტს შელაპარაკება მოუვიდა სტამბოლში არსებულ საუდის არაბეთის საკონსულოში მყოფ პირებთან, რა დროსაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფატალურად დასრულდა.

როგორც საუდის არაბეთი აცხადებს, მომხდარის გამო 5 ოფიციალური პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქვეყნის 18 მოქალაქე დააკავეს. თანამდებობიდან მოხსნილთა შორის არიან ქვეყნის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის მრჩეველი და სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე.


ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს 2 ოქტომბერს, სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს. იგი Washington Post-ის მესვეტე და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში ის საუდელ პრინც მუჰამად ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დაღუპული ჟურნალისტის საქმეზე სრულიად განსხვავებულია თურქული მხარის ვერსია – ანკარა ირწმუნება, რომ ხაშოკჯი მოკლეს, ოპერაციაში მონაწილეობა კი საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასულმა 15 ადამიანისაგან  შემდგარმა ჯგუფმა მიიღო.  თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი საუდის არაბეთის თავდაცვის უწყების თანამშრომლები არიან, ნაწილს კი უშუალო კავშირები აქვს მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანთან.

ანკარა ასევე აცხადებს, რომ მკვლელობის შემდეგ ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და თურქეთის ხელისუფლებას ამ ფაქტის დასადასტურებლად აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი